ახალი ამბები

„არ იკითხება სინანული და აღიარება“ — მდინარაძე პოლონური მხარის განცხადებაზე

19 ივლისი, 2023 • 1047
„არ იკითხება სინანული და აღიარება“ — მდინარაძე პოლონური მხარის განცხადებაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის მოპარვა ექსპერტიზის გაყალბების მიზანს ემსახურებოდა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ პოლონელ ექიმებს საშუალება ჰქონდათ, მიხეილ სააკაშვილის კვლევის ნიმუში ყველანაირი წესის დაცვით გაეტანათ.

„ვერსია შეიძლება ბევრი არსებობდეს, მაგრამ ამ ვერსიების ქუდი, საერთო შეფასება შეიძლება იყოს გაყალბების, ყალბი ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მცდელობა. გაყალბების ინტერესის გარდა შეუძლებელია, ადამიანმა მოიპაროს ის, რაც უკვე კანონის და წესის დაცვით აქვს“, — განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ვერსიები შეიძლება ბევრი გაიშალოს: რა მომენტში შეცვლიდნენ ნიმუშს, როგორ დაამუშავებდნენ, რატომაა შეცვლა უფრო ადვილი და არა იმის გაყალბება, რომელიც დალუქულია და ექსპერტიზას წარედგინება.

„როდესაც შედარებით მარტივად ჩაანაცვლებდნენ წესის დაცვით გატანილ ნიმუშს უკვე დამუშავებული მოპარული ნიმუშით, მერე უკვე, როგორც იტყვიან, ალალად და ობიექტურად დაწერდა მსოფლიოს ყველა წამყვანი ექსპერტიზა, რომ სააკაშვილი არის მოწამლული. მარტივი სქემაა და, სამწუხაროდ, ეს იკადრა იმ ექიმმა, რომელზეც ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული“, — თქვა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის აზრით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის და მკვლელობის შესახებ კამპანია კრახით დასრულდა, ერთი მხრივ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი უთხრა, მეორე მხრივ კი, პოლონელი ექიმის მიერ ექსპერტიზის გაყალბების მცდელობით.

14 ივლისს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ექს-პრეზიდენტისგან აღებული ნიმუშის „მალულად გატანას” ცდილობდა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 18 ივლისს განაცხადა, რომ პოლონელ ექიმებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვებდნენ და დაიწყებდნენ ფაქტის სამართლებრივ შეფასებას, თუ პოლონური მხარე არ გააკეთებს განმარტებას, რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედება.

დღეს, 19 ივლისს პოლონური მხარე პირველად გამოეხმაურა პოლონელი ექიმების მიერ საავადმყოფოში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მომხდარ ინციდენტს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოხდა „შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი“. ამასთან, ამბობს, რომ ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების „ემოციური განცხადებები“ ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ამ განცხადებით (რომელსაც პირადად არ გასცნობია და ჟურნალისტმა წაუკითხა) პოლონური მხარე შემოვიდა დისკუსიაში, მაგრამ ამ დისკუსიას ჰყავს მართალი მხარე.

„როდესაც პოლონური მხარე აპელირებს, რამდენად რელევანტურია და თანამშრომლობის გათვალისწინებით იყო თუ არა გამოქვეყნებული კადრები, ეს ნიშნავს, რომ თავად ფაქტზე სათქმელი არაფერი აქვს. თქვენ რაც წამიკითხეთ, იქიდან არ იკითხება სინანული და ძალიან სამწუხარო ფაქტის აღიარება, რომელიც რომ არ გამოქვეყნებულიყო, რამდენიმე დღეში გვექნებოდა ყალბი დასკვნა, რომლის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ იარსებებდა და შემდეგ თქვენ მკითხავდით, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რატომ არ გამოაქვეყნეთ, არ უთხარით საზოგადოებასო. ჩვენ ყალბი დასკვნა გვექნებოდა, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია. ამის შემდეგ არავინ გვაპატიებდა ქართულ სახელმწიფოს, რომ ეს კადრები არ გავასაჯაროვეთ“, — განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, პოლონური მხარის განცხადებაში აქცენტი გადატანილია მთავარი საკითხიდან.

მდინარაძის თქმით, პოლონელი ექიმი იყო შემოქმედი იმისა, როგორ უნდა გაყალბებულიყო დასკვნა, მაგრამ [პოლონეთის] ხელისუფლების რომელიმე წევრი ჩართული და ინფორმირებული იყო თუ არა ამის შესახებ, ვერ იტყვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი