ახალი ამბები

პოლონეთი: მოხდა შეუსაბამო ინციდენტი

19 ივლისი, 2023 • 2095
პოლონეთი: მოხდა შეუსაბამო ინციდენტი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება პოლონელი ექიმების მიერ საავადმყოფოში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მომხდარ ინციდენტს.

პოლონური მხარე ამბობს, რომ მოხდა „შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი“. ამასთან, ამბობს, რომ ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების „ემოციური განცხადებები“ ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 17 ივლისს პოლონეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. პოლონური მხარე ამბობს, რომ აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა და აქვე ხაზს უსვამს ქართველი ექიმების სრულ ჩართულობას მისი მკურნალობის პროცესში.

„ვივამედის“ კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ამ კონტექსტში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციალური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი, და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.

პოლონური მხარე იმედოვნებს, რომ ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობა უცვლელად გაგრძელდება და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც „მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დახმარებას“.

14 ივლისს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ექსპრეზიდენტისგან აღებული ნიმუშის „მალულად გატანას” ცდილობდა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგიც გამართა.

სააკაშვილთან შესული პოლონელი ექიმების ინციდენტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ. ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, არ მოახდინონ „პოლონელი ექიმების სკანდალის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირება.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელ ექიმებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვებდნენ და დაიწყებდნენ ფაქტის სამართლებრივ შეფასებას, თუ პოლონური მხარე არ გააკეთებს განმარტებას, რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედება.

პენიტენციური: პოლონელი ექიმი სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მალულად გატანას ცდილობდა

მასალების გადაბეჭდვის წესი