ახალი ამბები

გერმანიამ საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 5 მლნ ევრო გამოყო

19 ივლისი, 2023 • 1128
გერმანიამ საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 5 მლნ ევრო გამოყო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთი მილიონი ევრო გამოყო საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. დამატებით ნახევარ მილიონ ევროს ამავე მიზნისთვის გაიღებს ფონდი ASB [Arbeiter Samariter – „მშრომელი სამარიტელი“].

პროექტი წელიწადნახევრის განმავლობაში – 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება. ბენეფიციარებს დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით აღმოუჩენენ. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ „საქართველოს სამარიტელთა კავშირი“, ძიუდოს ფედერაცია და ფონდი Unite Together.

პრესკონფერენციაზე გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის წარმომადგენელმა, კემლინ ფურლმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში იმყოფება 25-26 ათასი უკრაინელი ლტოლვილი, რომელთა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და ეკონომიკური სირთულეები.

მათი დახმარების პროექტის ფარგლებში:

  • 7200 პირი მიიღებს სხვადასხვა მიზნობრიობის ფულად დახმარებას 3/6 თვის განმავლობაში;
  • ანაზღაურებას მიიღებს 60 „ჰრესნიკი“ [უკრაინაში – ოჯახის დამხმარეები], 3/6 თვის განმავლობაში;
  • 2000 პირი მიიღებს ფსიქოლოგიურ დახმარებას, 18-ვე თვის განმავლობაში;
  • ფულად დახმარებას გამოზამთრებისთვის მიიღებს 3000 პირი.

პრესკონფერენციის შემდეგ გერმანიის ელჩმა ASB-ის საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელს გადასცა სიმბოლური ჩეკი ბერლინის მიერ გამოყოფილ ხუთ მილიონ ევროზე.


გარეკანის ფოტოზე: სიმბოლური ჩეკის გადაცემა. ფოტო: © გერმანიის საელჩო თბილისში/Deutsche Botschaft Tiflis

მასალების გადაბეჭდვის წესი