ახალი ამბები

„საფარი“ პოლიციას გაუპატიურების საქმეზე გულგრილობაში ადანაშაულებს

18 ივლისი, 2023 • 792
„საფარი“ პოლიციას გაუპატიურების საქმეზე გულგრილობაში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის ინტერესებს იცავენ, რომელიც საქართველოში გააუპატიურეს, პოლიციამ კი საქმის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა, ხოლო ქალს დამამცირებლად და დისკრიმინაციულად მოეპყრნენ.

კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, შემთხვევა 8 ივლისს თბილისში მოხდა. „საფარის“ თქმით, მოძალადე, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი კაცი არ ყოფილა. „საფარი“ აღნიშნავს, რომ შემთხვევის დროს და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ სავარაუდოდ, მსხვერპლს მოძალადეებმა წინასწარი განზრახვით მცირე ოდენობის სასმელთან ერთად ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს:

„ქალის მეგობარმა, რომელიც, ამავდროულად, გაუპატიურების ფაქტის შემსწრეა, პოლიცია ადგილზევე გამოიძახა. ამის მიუხედავად, გამოძიება რამდენიმე დღის დაგვიანებით, მხოლოდ საქმეში „საფარის“ ჩართვის შემდეგ დაიწყო. პოლიციამ კლინიკას, სადაც ქალი გადაიყვანეს, არ შეატყობინა, რომ პაციენტი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი იყო. ამიტომ, მეორე დღეს, ის ისე გამოწერეს, რომ არ ჩაუტარეს შესაბამისი გამოკვლევები, არ დაუთვალიერეს სხეული ძალადობის კვალის აღმოსაჩენად, არ აუღეს ბიოლოგიური მასალა შესაბამისი ექსპერტიზისთვის და ა.შ. საქმეში „საფარის“ ჩართვის შემდეგ გამოძიება დაიწყო და ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

„საფარი“ აღნიშნავს, რომ პოლიციის გულგრილი, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. მათ შორის, ორგანიზაციის თქმით, ქალის ტანსაცმელი ამოიღეს დაგვიანებით, არ გამოკითხულან სავარაუდო მოძალადეები, არ ამოღებულა მათი ტანსაცმელი და ჭურჭელი, საიდანაც ქალს, სავარაუდოდ, მოწამლული სასმელი დაალევინეს. პოლიციამ არ შემოსაზღვრა შემთხვევის ადგილი და ყველა მტკიცებულება, რაც ადგილზე შეიძლება ყოფილიყო,  გადაითელა.

გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, ქალი ჰყვება, რომ პოლიციელებს მის მიმართ ცინიკური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჰქონდათ:

„ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვაკე-საბურთალოს მე-4 განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. ის ქალის ტელეფონში ათვალიერებდა მის ფოტოალბომს, რითაც, თითქოს, ქალის ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. ასევე, ქალს არწმუნებდა, რომ თუ ვერ დაამტკიცებდა გაუპატიურების ფაქტს, შესაძლოა, თავად ის დაეკავებინათ“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

„საფარი“, როგორც ქალის ინტერესების დამცველი, ითხოვს, საქმე გამოსაძიებლად თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გადაეცეს, დაიკითხოს ყველა მოწმე, ამოიღონ ყველა მტკიცებულება, რისი ამოღებაც ამ დრომდე შესაძლებელია და ჩატარდეს ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის.

გარდა ამისა, „საფარმა“ უკვე შეიტანა საჩივარი საქმეში ჩართული პოლიციელების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების ფაქტზე და ითხოვს მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.

„ნეტგაზეთი“ საპასუხო კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი