ახალი ამბები

იმედი მაქვს, პოლონელი ექიმების ვიზიტი დაეხმარება სააკაშვილის სათანადო მკურნალობას – ჰერჩინსკი

17 ივლისი, 2023 • 1204
იმედი მაქვს, პოლონელი ექიმების ვიზიტი დაეხმარება სააკაშვილის სათანადო მკურნალობას – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტს.

ელჩის განცხადებით, მოხარულია, რომ როგორც იქნა, პოლონელი ექიმების ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა და უფლება მიეცათ, მიხეილ სააკაშვილი მოენახულებინათ.

პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ პოლონელი ექიმების ვიზიტი სააკაშვილს დაეხმარება სათანადოდ მკურნალობის უზრნველყოფაში.

„ძალიან კარგია, რომ მათ რამდენიმე საათი გაატარეს პაციენტთან. ასევე, მოხარული ვარ, რომ ისინი ესაუბრნენ „ვივამედის“ ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს უვლიან. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ პოლონელი ექიმების ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას.

მსურს, მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მიმართ. გარკვეული დრო დასჭირდა იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა საჭირო მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო და როცა პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში, ძალიან სწრაფად მიეცათ საშუალება, მოენახულებინათ ყოფილი პრეზიდენტი.

იმედი მაქვს, მათი ვიზიტი დაეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილს სათანადოდ მკურნალობდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს დაცული სააკაშვილის უფლებები, როგორც მოპასუხის სასამართლოში და როგორც პაციენტის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ [„ფორმულას“ თარგმანი].


ევროკავშირის მხარდაჭერილი პოლონური სამედიცინო მისიის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ 12 ივლისს მოინახულეს.

14 ივლისს პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ექსპრეზიდენტისგან აღებული ნიმუშის “მალულად გატანას” ცდილობდა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგიც გამართა.

სააკაშვილთან შესული პოლონელი ექიმების ინციდენტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ. თავად პოლონურ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი