ახალი ამბები

კახიანი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებისთვის სპეციალური სატრანზიტო რეისების დანიშვნას არ ემხრობა

14 ივლისი, 2023 • 2552
კახიანი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებისთვის სპეციალური სატრანზიტო რეისების დანიშვნას არ ემხრობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი არ ემხრობა რუსეთის მოქალაქეების ინტერესებიs გამო სპეციალური სატრანზიტო რეისების დანიშვნას.

ამის შესახებ კახიანმა მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოსა“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობელ ვიტალი ვანცევის განცხადების კომენტირებისას თქვა.

„აი, ვთქვათ, ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან „თურქიშით“ გაფრინდა თურქეთში. ეს როგორ უნდა შეზღუდო? თუ მის განცხადებაში ასეთი რამე წერია, რომ მათი ინტერესების გათვალისწინებით სპეციალურ რეისებს დავნერგავთო, მე პირადად, არ მომწონს ეს. თუ რუსეთის მოქალაქე ჩამოფრინდება საქართველოში და შემდეგ იმ რეისებით, რაც ყველასთვის არსებობს — საქართველოს მოქალაქეებისთვის და სხვებისთვის — სადმე გადაფრინდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სპეციალური რეისების შექმნის იდეა მე პირადად არ მომწონს“, — განაცხადა კახიანმა.

ვიტალი ვანცევის თქმით, რუსები თბილისის სახით მიიღებენ მეოთხე კარგ სატრანზიტო ჰაბს სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ.

„ჩვენი პარტნიორები „ჯორჯიან ეარვეისიდან“ რუს მგზავრებს ტრანზიტის მიმართულებით ხელსაყრელ წინადადებებს სთავაზობენ — ხსნიან პირდაპირ რეისებს პარიზის, ნიცისა და რომის მიმართულებით, სადაც რუსეთიდან პირდაპირი ფრენები ამ დროისათვის შეწყვეტილია.

ჩვენ „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად ვცდილობთ, მას [სატრანსპორტო ჰაბს] ისე მოვემსახუროთ, რომ ჩვენი მგზავრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს და ტრანზიტის დრომ 1.5 საათს არ გადააჭარბოს“, — განუცხადა „აზიმუტისა“ და „ვნუკოვოს“ თანამფლობელმა რუსულ მედიასაშუალება RBK-ს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ მიიჩნევს, რომ საქართველოდან ტრანზიტი ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის რისკს წარმოადგენს და ამბობს, რომ თუ ევროკავშირის ქვეყნებს არ სურთ რუსეთის მოქალაქეების მიღება, უბრალოდ ვიზა არ უნდა გასცენ“.

„მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, რუსეთსა და თურქეთს შორის დღეში დაახლოებით 100 პირდაპირი რეისი სრულდება, აზერბაიჯანსა და სომხეთში — დაახლოებით 25-25. ჯამში, არის 150. საქართველოში დღეში 5 რეისი სრულდება. ახლა თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი. როგორ შეიძლება საქართველოში ფრენები გახდეს რისკების საფუძველი“, — განაცხადა კობახიძემ.

რუსებისთვის თბილისში ახალი სატრანსპორტო ჰაბი იქმნება — „აზიმუტის“ მფლობელი

მასალების გადაბეჭდვის წესი