ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჟენევაში ქართულ მხარეს ანტირუსული ისტერია ჰქონდა”- ცხინვალი

13 ივლისი, 2023 • 3848
“ჟენევაში ქართულ მხარეს ანტირუსული ისტერია ჰქონდა”- ცხინვალი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 58-ე რაუნდის შემდეგ ოსურმა მხარემ, რომელიც ასევე პროცესის მონაწილეა, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თბილისი ანტირუსულ ისტერიაში დაადანაშაულა.

“ქართველი მონაწილეების მცდელობა, თბილისის ქუჩებიდან მიტინგის ისტერია ჟენევის ფორმატში გადაეტანა, წარუმატებლად დასრულდა, თუმცა საქართველოს ანტირუსული კამპანია, რომელსაც თან ახლდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ აგრესიული რიტორიკა, ნეგატიურად აისახა შეხვედრის გარემოზე”,- აცხადებს ოსური მხარე ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ.

ამასთან, როგორც ცხინვალი აცხადებს, ქართული მხარის დესტრუქციული პოზიცია ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხზე “პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას არ იძლევა, რომელიც საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდის ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება”.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ 58-ე რაუნდის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა სოხუმმაც.

“ჟენევაში აფხაზეთის მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების პრობლემა წამოვჭერით” – სოხუმი

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი