ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჟენევაში აფხაზეთის მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების პრობლემა წამოვჭერით” – სოხუმი

12 ივლისი, 2023 • 1556
“ჟენევაში აფხაზეთის მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების პრობლემა წამოვჭერით” – სოხუმი

11-12 ივლისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ 58-ე რაუნდზე, აფხაზური მხარის ცნობით, ქართულმა მხარემ კვლავ უარი განაცხადა ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებაზე.

ამასთან, სოხუმის ინფორმაციით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობისას აფხაზურმა მხარემ წამოჭრა “აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების პრობლემა”.

დღეს აფხაზეთის მოსახლეობას მსოფლიოში გადაადგილება, რუსეთის მოქალაქეობის ქონის შემთხვევაში, მხოლოდ რუსული პასპორტებით შეუძლია. ამასთან, ქართული მხარე აფხაზეთის მოსახლეობას საქართველოს მოქალაქის პასპორტებს სთავაზობს.

გარდა ამისა, აფხაზური მხარე აცხადებს, რომ შეხვედრებზე სოხუმმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფორმატის განახლების სურვილი გამოხატა, თუმცა ქართული მხარისგან შემხვედრი ნაბიჯი ვერ დაინახა.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი