ახალი ამბები

შევთავაზე სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი უკრაინის მხარდასაჭერად — სტოლტენბერგი

11 ივლისი, 2023 • 1006
შევთავაზე სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი უკრაინის მხარდასაჭერად — სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვილნიუსის სამიტი უკრაინას გაუგზავნის პოზიტიურ გზავნილს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

„ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდში იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, და ველით, რომ მოკავშირეები ასევე გაიმეორებენ თავიანთ ვალდებულებას უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. წევრობის საკითხთან დაკავშირებით ველი, რომ მოკავშირეები უკრაინას გაუგზავნიან მკაფიო და პოზიტიურ გზავნილს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

მე შევთავაზე სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი უფრო პრაქტიკული მხარდაჭერით, მრავალწლიანი პროგრამით უკრაინის ძალებსა და ნატოს ძალებს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად. ეს დააახლოებს უკრაინას ნატოსთან. დაარსდება ნატო-უკრაინის საბჭო. ხვალ გვექნება საინაუგურაციო შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან და მოვხსნით წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მოთხოვნას. ეს გადააქცევს უკრაინის გაწევრიანების პროცესს ორეტაპიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესად“, — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში, ნატოს სამიტის დაწყებამდე.

გასულ წელს უკრაინამ ნატოში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ ოფიციალური განაცხადი გააკეთა. მოკავშირეები აცხადებენ, რომ უკრაინა ვერ შეუერთდება ალიანსს ომის დასრულებამდე. კიევი აცხადებს, რომ აღნიშნულს აცნობიერებს, თუმცა მისი სურვილია, ვილნიუსის სამიტზე განისაზღვროს უკრაინის გაწევრიანების მკაფიო გზა, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები და პოლიტიკური მიწვევა ალიანსში გაწევრიანებაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი