ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში აცხადებენ, რომ ბაქომ ისევ შეუწყვიტა გაზის მიწოდება

10 ივლისი, 2023 • 799
ყარაბაღში აცხადებენ, რომ ბაქომ ისევ შეუწყვიტა გაზის მიწოდება

მთიან ყარაბაღში კვლავ  შეწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება, რომელიც რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 8 ივლისს აღადგინეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მის მიწოდებას აზერბაიჯანული მხარე აფერხებს ერთადერთი მილსადენის დაბლოკვით. აღნიშნული მილსადენით ბუნებრივი აირი მთიან ყარაბაღს სომხეთიდან მიეწოდება.

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი