ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუსი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში NGO-ების შეზღუდვის მიზანი აფხაზეთის იზოლაციაა

6 ივლისი, 2023 • 1420
სუსი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში NGO-ების შეზღუდვის მიზანი აფხაზეთის იზოლაციაა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშში, რომელიც ასევე მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მიმოხილვას, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც სუსი აქცენტს აკეთებს, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვაა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში გაიზარდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.

“2022 წელს გაგრძელდა სახიფათო ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორს თბილისის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებდა. ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს “საზოგადოებრივი აზრის კვლევების” ჩატარება აეკრძალათ, დაუშვებელი ეწოდა ხალხთა შორის დიალოგისა და სხვა ტიპის ჰუმანიტარულ პროექტებს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის განმარტებით მიზნად ისახავდა ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO ერთ-ერთი პროექტი შეწყვიტა, ხოლო მის თანამშრომელს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა უკანონოდ აუკრძალა. ზემოხსენებულმა პროცესებმა ადგილზე მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შეზღუდვა გამოიწვია. მსგავსი უკანონო პოლიტიკის მიზანია ოკუპირებული რეგიონის დანარჩენი სამყაროსგან იზოლირება”, – ვკითხულობთ უწყების 2022 წლის ანგარიშში.

იმის მიუხედავად, რომ სუსი აფხაზეთში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შეზღუდვაზე საუბრობს, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის მიზნით, 2023 წლის გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლება “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონის მიღებას გეგმავდა. კანონპროექტის მიზანი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების და სამოქალაქო ორგანიზაციების “გაშავება და დახურვა” იყო, ისევე როგორც ეს მოხდა რუსეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი