ახალი ამბები

ონკოპაციენტი ვარ, შენობას შუქი არ მიეწოდება და წამლები მიფუჭდება – ფოტოამბავი

6 ივლისი, 2023 • 1168
ონკოპაციენტი ვარ, შენობას შუქი არ მიეწოდება და წამლები მიფუჭდება – ფოტოამბავი

ჩუღურეთის რაიონში, უშანგი ჩხეიძის 8-ში, ყოფილი მუსიკალური სასწავლებელია. აქ დღეს დაახლოებით 40 ოჯახი ცხოვრობს – მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველია.

სახლს, რომელიც სახელმწიფო ბალანსზეა,  ოფიციალურად არ მიეწოდება შუქი, შენობაში არ არის მრციხველები. თუმცა მოქალაქეების ძალისხმევით ელ. გადამყვანი ხაზები კუსტარულად დაამონტაჟეს. თვითნებური გაყვანილობა კი ნიშნავს, რომ ელ. ენერგიას ხშირად „ჭრიან“. მოსახლეობამ უბრალოდ არ იცის, როდის ექნება შუქი.

უშანგი ჩხეიძის N8. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ამ პირობებში სამეზობლო დახმარებას ითხოვს. დღეს, 6 ივლისს, მათ ქუჩაც გადაკეტეს. ამბობენ, რომ უკვე აღარ იციან, როგორ მიაწვდინონ ხმა მთავრობას და როგორ მიიღონ ან ალტერნატიული საცხოვრებელი, ან, სულ მცირე, ღირსეული საცხოვრებელი პირობები.

„გვიფუჭდება წამლები“

38 წლის ნინო ონკოპაციენტია. 11 წელია, რაც ამ შენობის ერთ ოთახში, რომელიც სამზარეულოცაა და საძინებელიც, ნინო დედასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

„მე პირადად ონკოპაციენტი ვარ და სიმსიმვნეს ვერბძვი, თვის ბოლოს ოპერაცია უნდა გამიკეთდეს, ბავშვს ეპილეფსია აქვს. მაცივარშიც კი 400-ლარიანი წამალი მიდევს, რომელიც არცერთი წუთით უმაცივროდ არ უნდა იყოს. ბავშვს დღეში სამჯერს სჭირდება ელექტროინჰალაცია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჩვენ აქ ვცხოვრობთ სოციალურად დაუცველები, რომელსაც სახლ-კარი არ გვაქვს, არც სოფელი გვაქვს. როგორ შეიძლება, რომ ეს საცხოვრებელი ვითარება არ მოგვარდეს?! თუნდაც იმით, რომ სანამ ბინებით დაგვაკმაყოფილებენ, ფართები უზრუნველყონ ან აქ დაგვაკმაყოფილონ შუქითა და წყლით”, — ამბობს ნინო.

ნინო კვარაცხელიას საცხოვრებელი ოთახი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ის გვიყვება, რომ სამეზობლომ სასამართლოს ორ ინსტანციაში მოიგო საქმე და მოსამართლის გადაყწყვეტილებით, აქ ოჯახებს ცხოვრების უფლება აქვთ მანამ, სანამ ეკონომიკის სამინისტრო ალტერნატიული საცხოვრებლით არ დააკმაყოფილებს.

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, ხვალვე დავცლით, თუ სხვა საცხოვრებელს შემოგვთავაზებენ, ან ქირით გაგვიყვანენ ბინით უზრუნველყოფამდე. ან მოგვცენ გამრიცხველიანობა, გაგვიკეთონ და გადავიხდით კიდეც კომუნალურებს“, – დასძენს ნინო.

კორიდორი უშანგი ჩხეიძის N8-ში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ამ შენობაში ასევე ცხოვრობს ოლია უგრეხელიძეც. გვიყვება, რომ მასაც ცოტა ხნის წინ 4-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ქალი ყვება, რომ ელ. ენერგიას შენობას პერიოდულად „უჭრიან“, მეზობლები კი „შიშველი ხელებით ცდილობენ აღდგენას“:

„ეს შენობა, თავადაც ნახავდით, არის ავარიული. ვირთხებითაა სავსე, პირველ სართულზე წყალი დგას. ჩვენ რომ წასასვლელი გვქონდეს, აქ ნამდვილად არავინ გაჩერდება“.

უშუქობაში უწევს ცხოვრება ნინო გოგუასაც. მას 3 შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი აბიტურიენტია. მას უშუქობაში უწევდა გამოცდებისთვის მომზადება.

სამეზობლოს მიერ დროებით გადაკეტილი მოძრაობა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„პირველი ვდგები და ვამოწმებ შუქს, ესაა პირველი „ინსტინქტი“. ასე ვართ მე და ჩემი ბავშვებიც. შუქი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, — ამბობს ნინო გოგუა.

ბავშვები უშანგი ჩხეიძის N8-ში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პირად საუბრებში სამეზობლომ ნეტგაზეთს უთხრა, რომ წერილობით მიმართეს მათი სამაჟორიტარო ოლქის დეპუტატს – გია ვოლსკის. სტატიის მომზადების პროცესში, ჩვენ დავუკავშირდით მის თანაშემწეს და ვთხოვეთ სატელეფონო კომენტარი. 

ნეტგაზეთმა ვრცელი კითხვებით ასევე მიმართა ეკონომიკის სამინისტროსაც. პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი