ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალელი დეპუტატები გეგმავენ, ბელარუსს აღიარებისთვის მიმართონ

6 ივლისი, 2023 •
ცხინვალელი დეპუტატები გეგმავენ, ბელარუსს აღიარებისთვის მიმართონ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ცნობით, ოსი დეპუტატების ნაწილი ბელარუსის პარლამენტისთვის მიმართვის ტექსტს შეიმუშავებს, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო რეს-ი ავრცელებს.

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების თქმით, ახლა ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა არსებობს, რადგან თუ შესაძლო პოლიტიკური შედეგები და სანქციები ბელარუსის მიმართ აქამდე ხელის შემშლელი ფაქტორი იყო, ახლა ეს სანქციები უკვე არსებობს.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარებაზე 2022 წელს რუსეთის პროსახელისუფლებო ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაშიც ისაუბრა.

“ამის აუცილებლობა არსებობს? როგორც კი დავინახავ ამას და პრეზიდენტი [ვლადიმერ პუტინი] მეტყვის, რომ საჭიროა..”, –  განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა სოლოვიოვის კითხვაზე, “აბა, როდის აღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?”. ასევე, ლუკაშენკომ 2008 წლის აგვისტოს ომიც ახსენა – “საქართველო არასდროს დასხმია თავს სამხრეთ ოსეთს. იყო იქ გიჟი და მასთან ერთად სხვები, წაქეზებული ამერიკელების მიერ, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს”.

ამასთან, ამავე წელს ბელარუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. 2023 წელს კი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა ბელარუსში ჩავიდნენ. თუმცა, ამ დრომდე, ბელარუსს აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე ოფიციალურად არ უსაუბრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი