ახალი ამბები

ომბუდსმენმა რუსთავის მოხუცთა თავშესაფრში შესაძლო დანაშაულზე შსს-ს მიმართა

5 ივლისი, 2023 • 923
ომბუდსმენმა რუსთავის მოხუცთა თავშესაფრში შესაძლო დანაშაულზე შსს-ს მიმართა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში არსებულ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ლევან იოსელიანმა შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

„სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს ზემოაღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეაგირებას და უფლებამოსილების ფარგლებში განაგრძობს მუშაობას ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით გამოვლენილ სისტემურ პრობლემებზე. ასევე, მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, მოხდეს კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების აღრიცხვა და დაიწყოს მსჯელობა მათი კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

2023 წლის 1 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ მიმართ შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ასევე, იკვეთება არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.

სიუჟეტში საუბარი იყო მომვლელების მიერ თვშესაფრის ბენეფიციარის შესაძლო ცემაზე და ნაჩვენები იყო ფოტოები. თავად პანსიონატის მომვლელები ბენეფიციარზე თავდასხმის ფაქტს უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი