ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე ხელახლა არ აირჩიეს OSCE PA-ს კომიტეტის თავმჯდომარედ

5 ივლისი, 2023 • 5037
ნიკოლოზ სამხარაძე ხელახლა არ აირჩიეს OSCE PA-ს კომიტეტის თავმჯდომარედ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელახლა არ აირჩიეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარედ.

სამხარაძე OSCE PA-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე და, შესაბამისად, ბიუროს წევრი, ერთწლიანი ვადით, გასული წლის ივლისში გახდა.

OSCE PA-ს პრეზიდენტის, ვიცე პრეზიდენტებისა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევნები მიმდინარე წლის 30 ივნისიდან 4 ივლისამდე, ვანკუვერში გამართულ 30-ე ყოველწლიურ სესიაზე გაიმართა.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა ფინეთის პარლამენტის წევრი პია კაუმა. სამი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე არჩეულ იქნენ: დანიელა დე რიდერი (გერმანია), მიკიტა პოტურაევი (უკრაინა) და კირიაკოს ჰაჯიიანი (კვიპროსი).

რაც შეეხება კომიტეტებს, პოლიტიკურ საკითხთა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს რიჩარდ ჰადსონი (აშშ). ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტმა ხელახლა აირჩია აზაი გულიევი (აზერბაიჯანი). დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტმა კი ახალი თავმჯდომარე ლუცია პოტუჩკოვა (ჩეხეთი) აირჩია. არჩევნებში ამ უკანასკნელის კონკურენტი მოქმედი თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე იყო. სამხარაძემ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნებში 39 ხმა მიიღო, პოტუჩკოვამ კი — 52.

მასალების გადაბეჭდვის წესი