ახალი ამბები

რაქვიაშვილის თქმით, სარჯველაძემ პერანგზე ღილი მოაწყვიტა – დაპირისპირება პარლამენტში

4 ივლისი, 2023 • 1026
რაქვიაშვილის თქმით, სარჯველაძემ პერანგზე ღილი მოაწყვიტა – დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში დაპირისპირება მოხდა პარტია „გირჩის“ წევრ ალექსანდრე რაქვიაშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს შორის.

როგორც სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, დაპირისპირებისას მიხეილ სარჯველაძემ პერანგზე ღილი მოაწყვიტა.

დაპირისპირება დაიწყო საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე და შესვენებაზე პარლამენტის დერეფანში გაგრძელდა.

კერძოდ, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ, რომელიც განსაზღვრავს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან, ასევე, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დაჩქარებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომის პარალელურად კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იწყებოდა თავდაცვის კოდექსის პროექტის მეორე მოსმენით განხილვა, რომლის მიღებასაც  წარმოდგენილი ფორმით „გირჩი“ არ ეთანხმება.

ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ორი კომიტეტის ერთობლივი სხდომის ჩანიშვნით „ქართულ ოცნებას“ სურდა, რომ „გირჩის“ დეპუტატები თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვიდან „მოეტეხა“.

„სესია დაიწყეს მაშინ, როცა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობდა, რაც რეგლამენტის დარღვევაა და არ შეიძლება ერთად მიმდინარეობდეს. სესია თუ დაიწყო, კომიტეტი უნდა გაჩერდეს. აქედან გამომდინარე, გამოვიდა, რომ ჩვენ სხდომიდან „გვტეხავდნენ“. არ გვითხრეს, რომ ის სესია დაიწყოო, რადგან ჩვენ დავრჩენილიყავით კომიტეტზე. მე ეს შევაფასე და ვთქვი, რომ ის, რაც თავდაცვის კოდექსის გარშემო ხდება, მთელი ეს პროცესი არის „ჩათლახობა“, რაზეც მიხეილ სარჯველაძე „ავარდა“. მე გავედი დერეფანაში, სესიაზე ვაგვიანებდი და მინდოდა სწრაფად მივსულიყავი, გამოვარდა [სარჯველაძე] და გამომეკიდა. მეც დავბრუნდი, რა გინდა-მეთქი და ამ მომენტში მომკიდა ხელი და პერანგზე ღილი მომაწყვიტა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, როცა ადამიანი ისე მიმართავს, „როგორც არ არის საკადრისი“, ყოველთვის ენდომება, რომ მას ბოდიში მოსთხოვოს.

„მე ფიზიკურად არავისზე მიძალადია, არც მქონია ამის განზრახვა და სურვილი. თუ გამოვიდოდი წყობილებიდან, ყველა შეამჩნევდა ამას და უჩუმრად ეს ვერ მოხდებოდა. პასუხი მოვთხოვე, თუ რატომ მისცა თავს უფლება, ისეთი გამონათქვამი გამოეყენებინა, რომელიც არ შეეფერება დეპუტატის სტატუსს. იქ პატარა ჩოჩქოლი იყო და რეალურად ამას მოჰყვა შედეგად ღილის შემოწყვეტა, არავის მიზეზი არ აქვს, სხვა რამ ამტკიცოს”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ალექსანდრე რაქვიაშვილი კი ითხოვს, რომ აღნიშნული ინციდენტი პარლამენტის ეთიკის საბჭომ განიხილოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი