ახალი ამბები

ევროკომისიაში გვეუბნებიან, ევროპარლამენტარებს ყურადღებას ნუ აქცევთო — კობახიძე

4 ივლისი, 2023 •
ევროკომისიაში გვეუბნებიან, ევროპარლამენტარებს ყურადღებას ნუ აქცევთო — კობახიძე

„ევროკომისიიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები როცა გვხვდებიან ჩვენ, გვეუბნებიან, ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ არ დაასახელა, კონკრეტულად ვინ აძლევს ხელისუფლებას ასეთ რჩევას.

„ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლები [გვეუბნებიან]. ვერ ვიტყვი, დახურულ შეხვედრებზე რაზეც არის საუბარი. ევროპარლამენტარებს ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზეო… ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელზეა საუბარი, ვისაც სიტყვა ეთქმის. საჯაროდ მაგას ვერ იტყვიან, ევროპარლამენტისადმი უპატივცემულობას ვერ დააფიქსირებენ. გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია და ევროპული საბჭო და არა ევროპარლამენტი“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 4 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე ევროკავშირი საბოლოოდ შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში.

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს სამიტზე მიიღებს გადაწყვეტილებას მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე და ამ საკითხს საბჭოს სხდომაზე თავად დააყენებს.

მანიპულაციაა, რომ 12-დან 3 პრიორიტეტი შესრულდა — კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი