ახალი ამბები

რკინიგზასთან მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

3 ივლისი, 2023 • 871
რკინიგზასთან მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები პირველი ივლისიდან დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მომხდარზე ინფორმაცია გაავრცელა რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა.

პროფკავშირის ცნობით, მარელისის რკინიგზის სადგურთან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად გარდაიცვალა ხარაგაულის მკვიდრი 77 წლის იური ქურდაძე. როგორც პროფკავშირი აცხადებს, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი არ უკავშირდება რკინიგზის სამუშაო პროცესს და არც გარდაცვლილი გახლდათ რკინიგზის თანამშრომელი.

მეწყერი სოფელ მარელისში 1 ივლისს ჩამოწვა, რის შედეგადაც საქართველოს რკინიგზამ პირველ ივლისს დანიშნული ყველა რეისი გააუქმა. მეწყრის შედეგად ასევე გაუქმდა 3 ივლისს დაგეგმილი 15 მაგისტრალური და საგარეუბნო რეისიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი