საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უარყოფს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს.

პრემიერი აცხადებს, რომ ამ რკინიგზის აღდგენა მხოლოდ საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.

ამის შესახებ მან დღეს, 30 ივნისს, პარლამენტში მოხსენების შემდეგ განაცხადა.

“საუბარია, თითქოს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მიდის ფარული მოლაპარაკებები და ა.შ. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ საკითხზე არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ჩვენ არავითარი დაფარული დღის წესრიგი არ გვაქვს. თუ რაიმე საკითხზე გვაქვს საუბარი, ყველამ ყველაფერი იცით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ასე რომ, აქ კითხვები არ არსებობს.

კითხვა დამისვეს, რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაო. ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს — მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და გაერთიანების შემთხვევაში”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ. მისი თქმით, რუსეთი “არ იშურებს ძალისხმევას”, რომ სომხეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს.