ახალი ამბები

ხაბეიშვილი: „საპენსიო ასაკი ყველასთვის 60 წელი უნდა გახდეს“

30 ივნისი, 2023 • 1451
ხაბეიშვილი: „საპენსიო ასაკი ყველასთვის 60 წელი უნდა გახდეს“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამოდის ინიციატივით, საპენსიო ასაკი ყველასთვის 60 წლამდე დაიწიოს. ამჟამად მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 65 წელია, ქალებისთვის – 60.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, „ათეულობით მუნიციპალიტეტის პირადად მოვლის“ შემდეგ ხალხისგან მოისმინა, რომ მთავარი პრობლემა საპენსიო ასაკის დაწევაა.

„ამ ინიციატივით გამოვდივართ და ვამბობთ: საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის გახდეს 60 წელი. მინიპალური პენსია უნდა დაიწყოს 400 ლარიდან“, – განაცხადა მან.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, „კონკრეტული სტატისტიკის“ თანახმად, საქართველოში შემცირდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და შეადგინს 72 წელს, რაც ათი წელიწადით ნაკლებია ევროპის რიგ ქვეყანაზე. კონკრეტულად რომელ სტატისტიკას ეყრდნობა, ხაბეიშვილს არ დაუზუსტებია.

„რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირეა, სოციალური პრობლემაა; იმიტომ, რომ მინიმალური შესაძლებლობა არ აქვთ ჩვენს ღირსეულ, დამსახურებულ ადამიანებს. როგორ შეიძლება, არ დავეხმაროთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოქალაქეებს?! მამაკაცებთან მიმართებაში სტატისტიკა არის კიდევ უფრო მძიმე – თუ საშუალოდ საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 72 წელი, მამაკაცის არის 67“, – თქვა მან და დაამატა, რომ პენსიების ზრდისა და საპენსიო ასაკის დაწევის რესურსი ბიუჯეტში არის.

ბოლოს ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა“ ორ საკითხზე იმუშავებს:

  • საპენსიო ასაკის დაწევა;
  • „საბანკო ოლიგარქიით მიყენებული ზიანი პენსიონერებისთვის, ათობით მილიონი ლარი“.

„უახლოეს კვირებში შემოგთავაზებთ გეგმას, როგორ გავათავისუფლოთ ამ უღელისგან ჩვენი პენსიონერები, რომლებსაც ღლიტავს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი