ახალი ამბები

23 ორგანიზაცია წილოსანს: დატოვეთ გენდერული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა

30 ივნისი, 2023 • 864
23 ორგანიზაცია წილოსანს: დატოვეთ გენდერული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა

23 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათთვის, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, მიუღებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც მათი შეფასებით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.

ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ვერ იაზრებს პროფესიულ პასუხისმგებლობას, ბოროტად და არამართებულად იყენებს გენდერული თანასწორობის იდეას, ხოლო როცა თანასწორობის ღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის პარტიულ დღის წესრიგთან, განცხადების ავტორების თქმით, ნინო წილოსანი უპირატესობას პარტიულ ინტერესებს ანიჭებს.

ხელმომწერ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეფასება ეყრდნობა ქვემოთ მოყვანილ რამოდენიმე ფაქტს ახლო წარსულიდან:

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნინო წილოსანმა საჯაროდ დაუჭირა მხარი შალვა რამიშვილს, რომელიც რამდენიმე ქალმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების წარმოდგენით სექსუალურ ძალადობაში ამხილა იმ ფონზე, რაც სასამართლომ ერთხელ უკვე დაამტკიცა რამიშვილის მიერ სექსუალური შევიწროების ჩადენა.

„ნინო წილოსანი არის 78 დეპუტატთაგან ერთ-ერთი, რომელმაც დაჩქარებული წესით ხმა მისცა რუსული კანონის ანალოგს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ”, რომლის მთავარი მიზანიც არასამთავრობო სექტორის მარგინალიზაცია და დევნა იყო. გასული წლის მიწურულს მან მხარი დაუჭირა და წარმატებულ ინიციატივად შეაფასა „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია”, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარე და არაინკლუზიური დოკუმენტია, უკიდურესად ვიწროდ განიხილავს გენდერს და აიგივებს სქესთან.

ამა წლის 27 ივნისს კი ნინო წილოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან თანაპარტიელ კაცებს დეპუტატ ანა წითლიძის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდა, კერძოდ, მან განაცხადა: „ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს.” აქვე შეგახსენებთ ოდიშარიას ციტატას: „ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში“ ,— წერია განცხადებაში.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ არსებული თავმჯდომარის პირობებში გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ამოწურულია. შესაბამისად, NGO-ები ნინო წილოსანს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებში მოითხოვენ, რომ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არსებითია, მის ხელმძღვანელად დაინიშნოს ადამიანი, ვინც არა მხოლოდ დეკლარირებულად, არამედ საქმით ემსახურება თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის იდეებს.

განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები:

  • ქალთა მოძრაობა
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო
  • ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის (ფემეა)
  • თბილისი პრაიდი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ქალთა ფონდი საქართველოში
  • ქალები საქართველოდან
  • საფარი
  • რაჭის სათემო ორგანიზაცია
  • ახალგაზრდა ფემინისტები
  • GrlzWave
  • ფემინა
  • ღია სივრცე კავკასია
  • ქალი და განვითარება
  • ფემინისტური ინიციატივების ფონდი
  • მწვანე ალტერნატივა
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • უფლებები საქართველო

NGO-ების განცხადებას მოგვიანებით პირად „ფეისბუკ“ გვერდზე გამოეხმაურა ნინო წილოსანი. წილოსანის თქმით, ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან გენდერული თანასწორობის მიმართულება სრულად შესრულებულად შეაფასა და დაფიქრებისკენ მოუწოდებს:

„მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან გენდერული თანასწორობის მიმართულება სრულად შესრულებულად შეაფასა, რიგი არასამთავრობოები მომიწოდებენ, გენდერული თანასწორობის საბჭო დავტოვო. ვიცი, შეიძლება არ გაგიხარდათ, რეკომედნაცია რომ სრულად შესრულდა, მაგრამ ცოტა რომ დაფაროთ, არა?“ — წერს ნინო წილოსანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი