ახალი ამბები

გვარამიას CPJ-ის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა

29 ივნისი, 2023 • 1224
გვარამიას CPJ-ის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას მიანიჭა.

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო (International Press Freedom Award) 4 ჟურნალისტს გადაეცემა. CPJ-ის 2023 წლის დაჯილდოებულები არიან: ნიკა გვარამია (საქართველო), შაჰინა კკ (ინდოეთი), მარია ტერეზა მონტანო (მექსიკა) და ფერდინანდ აიტი (ტოგო). CPJ-ის დაჯილდოების ცერემონიალი 2023 წლის 16 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართება.

„წელს, ამ ჯილდოს ისტორიაში პირველად, ის მიენიჭა ქართველს. ძალიან მიხარია, რაღა დაგიმალოთ“, — დაწერა გვარამიამ Facebook-ზე.

„გვარამია არის 2019 წელს დაარსებული დამოუკიდებელი მაუწყებლის „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და დირექტორი. გვარამიას, რომელიც ჟურნალისტიკაში 2012 წლიდან მუშაობს, მანამდე სამთავრობო თანამდებობა ეკავა და ოპოზიციის ლიდერისა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუნდში მუშაობდა. როგორც ტელეწამყვანი, გვარამია ცნობილი იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ მწვავე კრიტიკით. მისი გადაცემა ხშირად ამხელდა ხელისუფლების სავარაუდო კორუფციას და ძალადობას და აშუქებდა საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ კავშირებს. პრეზიდენტის შეწყალებამდე მან მოიხადა წელიწადზე მეტი სასჯელი 3,5-წლიანი ვადიდან. გვარამიამ უარყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებები, რომლებიც ფართოდ გააკრიტიკეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. გვარამია ერთადერთი ჟურნალისტია საქართველოში, რომელსაც პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც CPJ-მ 1992 წელს დაიწყო დაპატიმრებული ჟურნალისტების აღრიცხვა“, — წერს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) არის ამერიკული, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ნიუ-იორკში და მუშაობს პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე მთელ მსოფლიოში. 1980-იანი წლების ბოლოდან ორგანიზაცია აქვეყნებს ყოველწლიურ მიმოხილვას პროფესიული საქმიანობისას დაღუპული ან დაპატიმრებული ჟურნალისტების შესახებ.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, 10 ავტორიტეტულ უფლებადამცველ ორგანიზაციასთან ერთად, მანამდე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ძალაუფლება და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.

მასალების გადაბეჭდვის წესი