ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ახალგორის ყოფილ ქართულ სკოლებში ცხინვალმა ჩხრეკა ჩაატარა” – DRI

29 ივნისი, 2023 • 1240
“ახალგორის ყოფილ ქართულ სკოლებში ცხინვალმა ჩხრეკა ჩაატარა” – DRI

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] ცნობით, 13 ივნისს ახალგორის სკოლებში ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა, საიდანაც ამოიღეს დოკუმენტები, სახელმძღვანელოები და მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩამოართვეს ტელეფონები, რომლებიც დათვალიერების შემდეგ დაუბრუნეს.

“ჩხრეკა უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დილით ადრე ერთდროულად ჩატარდა სკოლებში, სადაც სწავლა ადრე ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

სკოლების ადმინისტრაციისთვის ჩხრეკის მიზეზი უცნობია. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, სკოლების მიზანში ამოღება ახალგორის მოსახლეობაზე გაძლიერებულ კონტროლს უნდა ნიშნავდეს, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ჩხრეკა მხოლოდ იმ სკოლებს შეეხო, სადაც 2017 წლამდე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა”.

DRI -ს განცხდებით, ჩხრეკის ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონში ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციასა და უფლებების შელახვის პრაქტიკაზე და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი ახალგორის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და სასწავლო პროცესში უკანონო ჩარევის აღკვეთისათვის და ახალგორის და გალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების უფლების აღდგენისთვის”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი