ახალი ამბები

Moscow Times: გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს

29 ივნისი, 2023 •
Moscow Times: გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს

The Moscow Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს.

ეს ინფორმაცია გამოცემას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აპარატთან დაახლოებულმა ორმა წყარომ მიაწოდა, თუმცა ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. წყაროს ცნობით, აჯანყების დროს სუროვიკინმა, როგორც ჩანს, აირჩია პრიგოჟინის მხარე და დაკავებაც ამას უკავშირდება. სად არის ახლა გენერალი, უცნობია.

სუროვიკინის დაკავების შესახებ მანამდე ისაუბრა სამხედრო ბლოგერმა ვლადიმერ რომანოვმა. მისი თქმით, გენერალი 25 ივნისს, „ვაგნერის“ ჯგუფის აჯანყების მეორე დღეს დააკავეს.

The Moscow Times-ის წყაროს თანახმად, ბოლომდე არ არის ნათელი, წინასწარ იცოდა თუ არა სუროვიკინმა პრიგოჟინის აჯანყების შესახებ.

”ის არ მოიქცა ძალიან მორჩილად, როდესაც მისცეს დავალება, კამერის წინ ტექსტი წაეკითხა. ზედმეტი გაბედა ხელმძღვანელობის წინაშე. ამის გამო შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ სუროვიკინი „პრიგოჟინის კოალიციის“ ნაწილია“, — ამბობს გამოცემის წყარო.

The Guardian წერდა, რომ სუროვიკინი ამბოხის შემდეგ მალევ გაუჩინაერდა. The New York Time-ის ცნობით, სუროვიკინმა წინასწარ იცოდა პრიგოჟინის გეგმების შესახებ, დაეწყო შეიარაღებული აჯანყება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

სუროვიკინი 2017 წელს ხელმძღვანელობდა რუსეთის სამხედრო ძალებს სირიაში, სადაც მას ადანაშაულებდნენ უკანონო ტაქტიკის გამოყენებაში.

წარსულში ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთის საჰაერო ძალებს.

2022 წლის ოქტომბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ „უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციაში“ ჩართული ძალების მეთაურად დანიშნა გენერალი სერგეი სუროვიკინი. თუმცა 2023 წლის იანვარში უკრაინაში რუსეთის გაერთიანებული არმიის მეთაურად რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაინიშნა, სუროვიკინი კი მის მოადგილედ დარჩა.

სუროვიკინი და პრიგოჟინი მოიაზრებოდნენ ერთ მხარეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსთან დაპირისპირებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი