“გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერებს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილის 7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით 2500-2500- ლარიანი ჯარიმები შეუფარდეს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიამ დღეს, 28 ივნისს გაავრცელა.
ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი 7 მარტის აქციაზე დააკავეს და 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის საფუძველზე გაათავისუფლეს. „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ინფორმაციით, ჯაფარიძეს და მოსიაშვილს ხელკეტები და წიხლები ურტყეს. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ აქციაზე დაკავებულთა შორის, ვინც მან მოინახულა, ყველაზე მძიმე დაზიანებები ზურაბ ჯაფარიძეს ჰქონდა.
მოგვიანებით გავრცელდა ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის დაკავების კადრებიც, სადაც ჩანს, რომ დაკავებისას პოლიციას ჯაფარიძე და მოსიაშვილი ძალადობრივი მეთოდებით გაჰყავთ ტერიტორიიდან:
მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ 7-8 მარტს გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.
დარბევების დროს პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა. დაზიანდა და დაიწვა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.
8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.