ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი შეხვდა სანქციების საკითხებში EU-სა და აშშ-ის წარმომადგენლებს

27 ივნისი, 2023 • 812
ფინანსთა მინისტრი შეხვდა სანქციების საკითხებში EU-სა და აშშ-ის წარმომადგენლებს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისა და საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს პოზიტიური შეფასებისთვის“.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო სანქციების აღსრულებისა და სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ამ კუთხით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას. მაღალი რანგის სტუმრებს ქართულმა მხარემ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს, როგორც ექსპორტის, ისე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო კვლავ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, რათა ქვეყანამ გააგრძელოს სანქციების ნაწილში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველო აქტიურად თანამშრომლობს როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებით, ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში და ის ღონისძიებები, რომელიც შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს აქვს განხორციელებული აღსრულების მიმართულებით, ნამდვილად სანიმუშოა მსოფლიოში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეხვედრას დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა და შემოსავლების სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი