ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

27 ივნისი, 2023 • 535
ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი მოსამართლე ზვიად შარაძემ პატიმრობაში დატოვა. გრიგორიადისის გათავისუფლებას 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მისი ადვოკატები დღევანდელ სასამართლოზე ითხოვდნენ, რასაც არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე.

ბრალდების მხარის განმარტებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ახალი არსებითი გარემოება, რაც შესაძლოა, გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. ამასთან, პროკურატურის მტკიცებით, გრიგორიადისის გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პროცესზე მოსამართლეს განუმარტეს, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ, რადგან პროკურატურის მიერ დასახელებული საფრთხეები არარეალურია. კერძოდ, ადვოკატების განცხადებით, გრიგორიადისის მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რადგან სურვილის შემთხვევაში მას დაკავებამდე დიდი დრო ჰქონდა ამისთვის, თუმცა არც მიმალვა უცდია და დაკავებისას არც პოლიციისთვის გაუწევია წინააღმდეგობა.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები/ ფოტო: სოფო აფრიამაშვილი, 27.06.2023

ადვოკატების თქმით, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე შეფასებითია და ამის საფრთხე არსებობს იმ ადამიანის შემთხვევაშიც, ვინც არც ერთ საქმეზე არ ყოფილა აქამდე ბრალდებული, შესაბამისად, დაცვის მხარის თქმით, ბრალდება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე საუბრისას უნდა ეყრდნობოდეს საფუძვლიან მტკიცებულებებს. ადვოკატების თქმით, გრიორიადისი წარსულში არ არის ნასამართლევი და არ უფიქსირდება ადმინისტრაციული დარღვევა.

რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას, გრიგორიადისის ადვოკატების განმარტებით, მოწმეთა უმეტესობა პოლიციისა და საგამოძიებო უწყების თანამშრომელია და გრიგორიადისი მათზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ამასთან, ადვოკატების განცხადებით, საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები თითქმის დასრულებულია და ამოღებულია ყველა ძირითადი მტკიცებულება.

“იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გირაოს ოდენობა ვერ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნების და საშუალებების, მაშინ აღნიშნული რაოდენობა განსაზღვროთ თავად. ასევე სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აღნიშნულ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა სახის შეზღუდვა, როგორიცაა პასპორტისა და პირადობის ჩამორთმევა და ელექტრონული მონიტორინგი, რაც სრულად შეუწყობს ხელს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს და საშუალებებს”, — განმარტეს ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე.

პროცესზე სიტყვით გამოვიდა თავად ლაზარე გრიგორიადისიც. მან უარყო მიმალვის საფრთხის არსებობა და გამოეხმაურა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მის სარჩელს, რომელიც მისმა ადვოკატებმა გასულ კვირას, 22 ივნისს შეიტანეს სასამართლოში.

“როგორც იცით, ცოტა ხანში მექნება ირაკლი ღარიბაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სასამართლო სხდომა. მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე იმიტომ, რომ არ მინდა მხოლოდ მათი ადვოკატების წინადადების მოსმენა, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა. კიდევ “ტვ იმედთან” მექნება სასამართლო სხდომა. მონტაჟი გააკეთეს ცუდად და არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას”, — განაცხადა გრიგორიადისმა.

დღეს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის გამცემი ექსპერტი, რომელსაც უნდა დაედგინა, გაჩნდა თუ არა პოლიციელის ტანსაცმელზე ცეცხლი და დადებითი პასუხის შემთხვევაში უნდა დაედგინა ცეცხლის კერა.

ექსპერტის განცხადებით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პოლიციელის შარვლის მარჯვენა ქვედა ნაწილზე აღენიშნებოდა წვის კვალი, რომელიც გაჩნდა გაურკვეველი აალებადი საგნის დაცემის შედეგად.

რაც შეეხება ლაზარე გრიგორაიდისს, ექსპერტის განცხადებით, მის ტანსაცმელზე დამწვრობის კვალი არ აღენიშნებოდა.

მოწმის გამოკითხვა ლაზარე გრიგორიადისის პროცესზე/ ფოტო: სოფო აფრიამაშვილი, 27.06.2023

როგორც პროკურორმა, თამარ იაკობიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, აღნიშნული ექსპერტის მოვალეობაში არ შედიოდა იმის დადგენა, აღენიშნებოდა თუ არა ნავთობის კვალი ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელზე და ამასთან დაკავშირებით სხვა მოწმეებს შემდეგ პროცესებზე გამოკითხავენ.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 11 ივლისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი