ახალი ამბები

დაკავებულია 3 პირი, რომლებმაც შრომითი დავის „ქურდულად“ მოგვარება სცადეს — შსს

27 ივნისი, 2023 •
დაკავებულია 3 პირი, რომლებმაც შრომითი დავის „ქურდულად“ მოგვარება სცადეს — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ შრომითი დავის მოსაგვარებლად „ქურდული გარჩევის“ მოწყობა.

ოფიციალური ცნობით, 1972 წელს დაბადებული ა.შ. დაკავებულია „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, 1995 წელს დაბადებული ა.ხ. „ქურდული სამყაროს წევრის მიმართვისთვის“, ხოლო 2004 წელს დაბადებული გ.შ.-ს, მეტსახელად „ჩუქჩას“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში“ ედება ბრალი. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ა.ხ.-ს და მის თანამშრომელს შორის ფინანსური დავა წარმოიშვა. წარმოქმნილი უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, ა.ხ.-მ დახმარებისთვის მიმართა „ქურდული სამყაროს წევრ“ ა.შ.-ს და სთხოვა კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავა მის სასარგებლოდ მოეგვარებინა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს წევრის” ა.შ.-ს დავალებით მოწყობილ “ქურდულ გარჩევაში” ბრალდებული ა.ხ., გ.შ. და მოდავე მხარე მონაწილეობდნენ. “ქურდული წესით გარჩევისას”, კრიმინალურმა ავტორიტეტმა ა.შ-მ მოდავე მხარეს სადავო თანხის სრულად ამოწურვამდე, მისთვის ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა გ.შ.-მ, რომელიც შემდგომ სისტემატურად ახორციელებდა მუქარას მოდავე მხარეზე“, — აცხადებს შსს.

ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებს, დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, „ქურდული სამყაროს მიმართვისთვის“ და „ქურდული სამყაროს მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში.

პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე, მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე, მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი