ახალი ამბები

კომიტეტებმა სებ-ის საბჭოში პრეზიდენტის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

26 ივნისი, 2023 • 901
კომიტეტებმა სებ-ის საბჭოში პრეზიდენტის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ეროვნული ბანკის საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გიორგი ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს ხმა მისცა, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილია.

„ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ წარდგენილი კანდიდატების კომპეტენციას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ, თუმცა მათ მხარს არ უჭერენ პრეზიდენტის საქციელის გამო, რომელმაც შეთანხმებული კანდიდატი არ წარადგინა.

„კანდიდატების კომპეტენციაზე არავის ეჭვი არ აქვს, კი ბატონო. მაგრამ უტრირებას ვაკეთებ, კანდიდატი შეძლება იყოს ძალიან ნიჭიერი და ძალიან მაგარი, მაგრამ შეიძლება იყოს ლიბერალი, კონსერვატორი, შეიძლება იყოს რუსეთის მომხრე და შეიძლება იყოს ევროპის მომხრე. ყველა ავირჩიოთ? კონსულტაციები იმიტომ არის საჭირო, რომ ამბობთ, სად წერია კონსტიტუციაშიო. კონსტიტუციაში არც ის წერია, რომ პრეზიდენტი ვისაც წარმოადგენს, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს“, — განაცხადა პაატა კვიჟინაძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის კითხვის პასუხად კვიჟინაძემ დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი კენჭისყრაზე გასვლამდე კანდიდატების წინასწარ შეთანხმებას ითხოვს.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება რამდენიმე თვის წინ ამოეწურა. მისი შემცვლელი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს შორის უნდა აარჩიონ. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება კი პრეზიდენტს აქვს.

„ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენა სურდა, რაზეც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უარი განაცხადა და მის ნაცვლად პარლამენტს გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა. „ოცნებამ“ წინასწარვე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მათ მხარს არ დაუჭერდა.

„ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შემოიღო, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის ფუნქციას მანამ შეასრულებს, სანამ ახალ პრეზიდენტს არ აირჩევენ.

იმ მოტივით, რომ „ოცნების“ ინიციატივა საფრთხეს უქმნიდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა მმართველმა პარტიამ ვეტო მიმდინარე წლის 13 ივნისს დაძლია.

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა გახდა. შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობას ის შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი