ახალი ამბები

„პრეზიდენტი ძალიან ცდება“ — პრიგოჟინმა პუტინს უპასუხა

24 ივნისი, 2023 • 1698
„პრეზიდენტი ძალიან ცდება“ — პრიგოჟინმა პუტინს უპასუხა

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა აუდიომიმართვა გაავრცელა და უპასუხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც თქვა, რომ სამხედრო ამბოხის მონაწილეები მკაცრად დაისჯებიან. პუტინმა პრიგოჟინსა და მის მხარეს მებრძოლებს მოღალატეები უწოდა.

„სამშობლოს გაყიდვასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ძალიან ცდება. ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ, ჩვენ, ვაგნერის ყველა მებრძოლი იბრძოდა და დღემდე იბრძვის. არავინ არ აპირებს, ეფ-ეს-ბეს, პრეზიდენტის თუ კიდევ ვინმეს მოწოდების საფუძველზე ჩაბარდეს. რადგან ჩვენ არ გვსურს, რომ ქვეყანამ ცხოვრება გააგრძელოს კორუფციაში, ტყუილსა და ბიუროკრატიაში“, — ამბობს პრიგოჟინი.

„ვაგნერის“ ლიდერი ასევე ამბობს, რომ მისი ბრძოლის მთავარი მიზანი სწორედ კორუფციასა და ტყუილთან ბრძოლაა.

„როდესაც ჩვენ ვიბრძოდით აფრიკაში, გვეუბნებოდნენ, რომ აფრიკა გვჭირდება, მაგრამ შემდეგ ის მიაგდეს, რადგან მიითვისეს ყველა ის ფული, რაც დასახმარებლად უნდა წასულიყო. ჩვენ როცა გვითხრეს, რომ გვეომა უკრაინისთვის, წავედით და ვიომეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საბრძოლო მასალასა და ფულს, რომელიც ამას უნდა მოხმარებოდა, იპარავენ“, — ამბობს „ვაგნერის“ ლიდერი და დასძენს, რომ „ვაგნერელები“ არიან რუსეთის პატრიოტები, ხოლო ვინც მათ წეინააღმდეგება, „ნაძირლის გარშემო არიან შეკრებილი“.


კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 ივნისის ღამით განაცხადა, რომ კორუფციისა და ომის არასათანადო მართვის გამო უპირისპირდება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას — თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს.

მათი გადმოცემის მიზნით კი, როგორც პრიგოჟინი ამბობს, 25-ათასიანი არმიით გაემართება მოსკოვისკენ.

უკვე 24 ივნისის დილით ცნობილი გახდა, რომ „ვაგნერი“ შევიდა უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ დონის როსტოვში, დაიკავა სტრატეგიული ობიექტები და გზას აგრძელებს მოსკოვისკენ, სადამდეც 1000 კილომეტრია.

რუსეთის ხელისუფლებამ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „ანტიტერორისტული ღონისძიების რეჟიმი“ გამოაცხადა, მოსკოვის მიმართულებით კი რამდენიმე მაგისტრალი დაკეტა.

თავად დონის როსტოვში შეფერხებულია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მმართველობის საქმიანობა, ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია, ხელისუფლება კი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში შექმნილ ვითარებას „რთული“ უწოდა, „ვაგნერელებს“ — მოღალატეები და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი