ახალი ამბები

დაკარგული წყალქვეშა ნავის ხუთივე წევრი დაიღუპა — აშშ-ის სანაპირო დაცვა

23 ივნისი, 2023 •
დაკარგული წყალქვეშა ნავის ხუთივე წევრი დაიღუპა — აშშ-ის სანაპირო დაცვა

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ცნობით, ატლანტის ოკეანეში დაკარგული მცირე ზომის წყალქვეშა ნავის ხუთივე წევრი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადება აშში-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა, ჯონ მაუგერმა გააკეთა.

მისი თქმით, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი “კატასტროფული აფეთქების” შედეგად დაიღუპა. აფეთქებაზე კი მიუთითებს ოკეანეში ნაპოვნი ხომალდის გაფანტული ხუთი ნაწილი, რომელიც უპილოტო რობოტმა ტიტანიკიდან 480-მდე მეტრის მოშორებით, წყლის ზედაპირიდან 4 კილომეტრის სიღრმეში აღმოაჩინა.

პრესკონფერენციაზე, რომელიც მაუგერმა 22 ივნისს ჩაატარა, აღნიშნა, რომ ვერ იტყვის დაზუსტებით, იქნება თუ არა შესაძლებელი წყალქვეშა ხომალდის ბორტზე მყოფი დაღუპულების ცხედრების ამოყვანა, რადგან წყალქვეშ, სადაც შესაძლოა ცხედრები იყოს, მძიმე გარემო პირობებია.

ბორტზე იმყოფებოდნენ 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის ბიზნესმაგნატი, შაჰზადა დავიდი და მისი 19 წლის შვილი სულეიმანი. ასევე 77 წლის ოკეანოგრაფი და ტიტანიკის ექსპერტი პოლ-ჰენრი ნარგეოლე, რომელიც მრავალჯერ იყო ნამყოფი ჩაძირული გემის ნანგრევებში, და სტოკტონ რაში, „ოუშენ გეითის“ ამერიკელი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მართავდა წყალქვეშა ნავს.

კომპანია „ოუშენ გეითი“ სამგზავრო ტურებს აწყობს 1912 წელს ჩაძირული „ტიტანიკის“ ნარჩენებთან. ვრცელდება ცნობა, რომ ერთი ადამიანის ბილეთი 250 ათას აშშ დოლარს აღწევს. „ტიტანიკის“ ჩაძირვას 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გადარჩა მხოლოდ 700-მდე.

ატლანტის ოკეანეში წყალქვეშა ხომალდის გაუჩინარების შესახებ ცნობილი 18 ივნისს გახდა. მას შემდეგ ნავმა მსოფლიოს ყურადღება მიიქცია და რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი