„ჩვენ ყველგან ვართ, სადაც უსაფრთხოების რისკია, ქორწილი იქნება თუ გასვენება…“, – ასე პასუხობს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ კითხვებს, რომლებმაც ქორწილი კახეთში, ყვარლის ტბის სასტუმროში გადაიხადეს.

„ჩვენ არ ვართ სანქციებს მიერთებული. ადამიანებს, ვისაც დარღვეული არ აქვთ საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, არ წარმოადგენენ უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული რისკის შემცველ პიროვნებებს, ასევე, ტურიზმის განვითარებაში პოტენციურად შეაქვთ დიდი წილი. ჩვენ მივესალმებით ყველა მშვიდობიან სტუმარს. ჩვენ ვიცავთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და ყველას”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.


საქართველოში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შვილი და სიძე. ორივე მათგანი დასავლური სანქციების ქვეშ არის. ისინი ნათესავების ჯვრისწერაზე ჩამოვიდნენ, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან და ყვარელში იხდიდნენ ქორწილს.