ახალი ამბები

პირს, რომელიც თავის გერებს აიძულებდა ნაგვის ურნებში ნივთების შეგროვებას და გაყიდვას, ბრალი წარედგინა

20 ივნისი, 2023 • 832
პირს, რომელიც თავის გერებს აიძულებდა ნაგვის ურნებში ნივთების შეგროვებას და გაყიდვას, ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

კერძოდ, ბრალდებული ძალადობით, ძალადობის გამოყენების მუქარით და იძულებით, დაზარალებულ არასრულწლოვნებს აიძულებდა ნაგვის ურნებში მუყაოს და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ.

ასევე, ბრალდებული ითვისებდა და ერთპიროვნულად განკარგავდა არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემული ფულადი დახმარების თანხებსაც.

პროკურატურის ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ „გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი