ახალი ამბები

ყოფილი მოსამართლის თქმით, სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაყვანისას არაადამიანურად ეპყრობოდნენ

19 ივნისი, 2023 •
ყოფილი მოსამართლის თქმით, სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაყვანისას არაადამიანურად ეპყრობოდნენ

„არაადამიანურად ეპყრობიან“ – ასე აფასებს ლიანა ორკოდაშვილი, საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და 7 ნოემბრის საქმის კოლეგიის ყოფილი წევრი, მიხეილ სააკაშვილისდამი მოპყრობას რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას.

„ფორმულას“ ეთერში ყოფილმა მოსამართლემ, რომლის პენსიაზე გასვლის შედეგადაც 7 ნოემბრის საქმის პროცესები გადაიდო, აღნიშნა, რომ როგორც სააკაშვილს ეპყრობოდნენ გადაყვანისას, არ უნდა ეპყრობოდნენ „საშინელ დამნაშავესაც“ კი.

„ეს მარტო სააკაშვილი კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, საშინელი დამნაშავე და მკვლელიც რომ ყოფილიყო, ასეთი მოპყრობა მიმაჩნია, რომ არაადამიანური მოპყრობაა“, – თქვა ორკოდაშვილმა და დაამატა, რომ სააკაშვილის გადაყვანის ეპიზოდზე ცალკე საქმის აღძვრა შეიძლებოდა.

ორკოდაშვილის შეფასებით, ვიდეოში სააკაშვილი წინააღმდეგობას უწევდა ბადრაგებს, „მაგრამ მაინც ჩანდა, რომ მის მიმართ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არასწორ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა გარკვეულიყო და გამოძიებულიყო“.

წამყვანის, სოფო ზურაბიანის კითხვას, არის თუ არა სააკაშვილი პოლიტპატიმარი, ყოფილმა მოსამართლემ არ უპასუხა და ეს იმით ახსნა, რომ ექსპრეზიდენტის საქმის ერთ-ერთი განმხილველი მოსამართლე იყო.

ორკოდაშვილმა ისაუბრა „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე. ყოფილმა მოსამართლემ თქვა, რომ მის საქმეში ფორმალურად არის დანაშაულის შემადგენლობა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ გვარამიას ედავებიან სამსახურეობრივი მანქანის გამოყენებას, რასაც თანამდებობის პირებიც აკეთებენ:

„პოლიტიკური პატიმარი არის თუ არა, ამის თქმა გამიჭირდება ძალიან, მაგრამ რამდენადაც მე მოვისმინე, მას ბრალი ედება ძირითადად იმაში, რომ სამსახურებრივ მანქანას იყენებდა. შეიძლება, აქ, ერთი მხრივ, დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს, მაგრამ გვყავს არაერთი თანამდებობის პირი, რომელიც ასევე ვიცით, რომ ამ მანქანას იყენებს. ეს აჩენს უსამართლობის განწყობას. თუკი, ერთი ადამიანი შეიძლება დაისაჯოს ამ რაღაცისთვის, მაშინ რატომ არ ვსჯით მეორეს? ფორმალურად რომ ავიღოთ [დანაშაულის], შემადგენლობა არის“, – ამბობს ორდოკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი