ახალი ამბები

სააკაშვილის მოსამართლე პენსიაზე გავიდა, პროცესი გადაიდო

19 ივნისი, 2023 •
სააკაშვილის მოსამართლე პენსიაზე გავიდა, პროცესი გადაიდო

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს, 19 ივნისს, უნდა გამართულიყო, გადადაიდო.

საქალაქო სასამართლოში პროცესის გადადების მიზეზი საქმის განმხილველ მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთის, ლიანა ორკოდაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტაა.

კერძოდ, ლიანა ორკოდაშვილი მაისში 65 წლის გახდა. კანონით კი, მოსამართლის საქმიანობის შესასრულებად ზედა ზღვარი სწორედ 65 წელია. ლიანა ორკოდაშვილთან ერთად 7 ნოემბრის საქმის მოსამართლეთა კოლეგიის წევრები ნინო ელეიშვილი და მაია ქოქიაშვილი იყვნენ.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბარიძემ ნეტგაზეთს უთხრა, სასამართლო პროცესის გადადების მიზეზად სწორედ მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთის არყოფნა დაუსახელეს. როგორც თუთბერიძე ამბობს, უცნობია, როდემდე გადაიდება სააკაშვილის საქმის განხილვა, რადგან კანონი შესაბამის ვადებს არ განსაზღვრავს.

როგორც მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი „ტვ პირველთან“ ამბობს, გაუხარდებოდა, თუ მის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის დასრულების შესასძლებლობა ექნებოდა.

„იმას, რომ მე მომეთხოვა ან მეთქვა [საქმის განხილვის დასრულება], აზრი არ ჰქონდა. კანონში პირდაპირ ჩანაწერია, 65 წლის რომ ხდები, უფლებამოსილება ჩერდება[…] რანაირი ზეწოლა და რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველა ეტაპზე ვცდილობდი, რომ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიმეღო. ის ორი მოსამართლე, ვინც ჩემ გარდა მონაწილეობდნენ ამ საქმის განხილვაში, ჩემგან ნამდვილად პატივისცემას იმსახურებენ და კარგი იქნება, მესამე მოსამართლეც თუ სამართლიანი დაინშნება და, რაც მთავარია, პრინციპული“, — აცხადებს ლიანა ორკოდაშვილი.

როგორც ლიანა ორკოდაშვილი ამბობს, მასზე „რაღაც ზეწოლები ყოფილა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა და ამიტომ აღარ გაგრძელებულა“.

ლიანა ორკოდაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისთვის უფლებამოსილების შეჩერება მისი „განეიტრალების გამო მომხდარიყო“. მას ეჭვებს უღრმავებს ისიც, რომ უკვე 5 წელია საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოაქვს გადაწყვეტილება იმ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც სამოსამართლეო ასაკის 70 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

„მე არაფერს არ გამოვრიცხავ. წარმოიდგინეთ, 5 წელი ფიქრობს [საკონსტიტუციო სასამრთლო მოსამართლის ასაკის ზედა ზღვარი], 65 იყოს თუ 70. თუ გინდა, რომ უარყოფითი პასუხი მიიღო და 65 წელი ძალაში დატოვო, გამოაცხადე, ბატონო, მაგრამ გამოდის, რომ არა. გამოდის, რომ არცერთს არ აცხადებენ“, – აცხადებს ლიანა ორკოდაშვილი.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ შესაძლოა, ეს პოლიტიკური დაკვეთა იყოს, ლიანა ორკოდაშვილი პასუხობს:

„არ გამოვრიცხავ. მე ადვოკატებიც მეხუმრებოდნენ, რომ ქალბატონო ლიანა, ალბათ, აღარ არის საჭირო თქვენნაირი პრინციპული მოსამართლე სასამართლო სისტემაშიო, ჩემდა სამწუხაროდ“, – აცხადებს ლიანა ორკოდაშვილი.

სასამართლო პროცესის გადადებას გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებას მისი გამოჩენის ეშინია.

„მე დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე. სპეციალურად აარჩიეს ე.წ. 7 ნოემბრის და არა პიჯაკების ან საზღვრის კვეთის საქმე, რადგან ჩათვალეს, რომ PR-ის თვალსაზრისით თავიანთ რუსულ არხებზე ხმაურისთვის, მათთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. ესეც ვერ გაბედეს!

დღეს ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ, ვიდრე ოდესმე, რაც დაანგრევდა მათ მთელ პროპაგანდას.

„სასამართლო“ გადადეს გაურკვეველი ვადით, მინიმუმ შემოდგომამდე. ესეც კარგად აჩვენებს, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოშლილია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას მოვიგებთ მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცით.

რა თქმა უნდა, დღევანდელი მაგალითიც ადასტურებს, რომ მე ვარ პუტინის და მისი ადგილობრივი მარიონეტების სამხედრო ტყვე, თუმცა პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი