ახალი ამბები

„ზურაბიშვილი ივანიშვილის ჩვეულებრივი თოჯინაა“ — სააკაშვილის წერილი უკრაინულ მედიას

16 ივნისი, 2023 • 1498
„ზურაბიშვილი ივანიშვილის ჩვეულებრივი თოჯინაა“ — სააკაშვილის წერილი უკრაინულ მედიას

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასაშუალება „უკრაინსკა პრავდას“ წერილი გაუგზავნა, რომლითაც მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს უპასუხა.

პრეზიდენტმა აღნიშნულ მედიასაშუალებას ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ მისცა, სადაც თქვა, თუ რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების სხვა გზებიც არსებობს, მათ შორის, მისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დაკისრება, მაგალითად, ციხიდან გამოშვება ელექტრონული სამაჯურით.

უკრაინული მედიისთვის კლინიკა „ვივამედიდან“ გაგზავნილ წერილში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საკუთარ თავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირად სამხედრო ტყვედ მიიჩნევს.

„მე მომწამლეს, მაწამეს. მასამართლებენ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით“, — წერს სააკაშვილი და ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უბრალოდ, „ბიძინა ივანიშვილის ჩვეულებრივი თოჯინაა, რომელსაც ივანიშვილი უკრაინასთან და დასავლეთთან სალაპარაკოდ იყენებს.“

სააკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა წლების წინ  2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა და მის გასამართლებასაც ითხოვდა.

„ის ახლა უნგრეთის პრეზიდენტის მსგავს როლს თამაშობს.

მესმის, რომ ახლა უკრაინისთვის მხარდაჭერის თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინელთა მოტყუება არ შეიძლება. ამ ქალის ცარიელი სიტყვების უკან დგას ივანიშვილის აქტიური თანამშრომლობა რუსებთან სანქციების არიდების საქმეში“, — წერს სააკაშვილი.

მან დღეს, 16 ივნისს, განცხადება ქართული აუდიტორიისთვისაც გაავრცელა და თქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში უფრო აქტიურად ჩაერთვება და თავის სასამართლო პროცესებსაც დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი