ახალი ამბები

დარჩიაშვილმა არ უპასუხა კითხვას, ითხოვს თუ არა EU საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას

16 ივნისი, 2023 • 1245
დარჩიაშვილმა არ უპასუხა კითხვას, ითხოვს თუ არა EU საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, ითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.

ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ სსაგარეო საქმეთა მინისტრს შეკითხვა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დაუსვა.

კერძოდ, სამადაშვილმა დარჩიაშვილს ჰკითხა: „ითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, რათა საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“.

თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული კითხვა უპასუხოდ დატოვა.

მას შემდეგ, რაც დარჩიაშვილმა სამადაშვილის კითხვას არ უპასუხა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას კითხვა დაზუსტებების დროს ისევ გაუმეორა.

„კიდევ ერთხელ გეკითხებით და მაინტერესებს, „ქართული ოცნების“ და მათი მოკავშირე ძალის წარმომადგენლები როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირი საქართველოს სთხოვს ჩვენი ტრადიციებისა და სოციუმისთვის მიუღებელი ცვლილებების განხორციელებას, რომ მაგალითად, დედას მამა უნდა დაუძახო და მამას დედა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა დააკანონოო… ეს მართალია თუ ტყუილია? ითხოვს ევროკავშირი ამას საქართველოსგან? კი თუ არა?“, – ჰკითხა სამადაშვილმა დარჩიაშვილს.

სამადაშვილის დაზუსტებას ილია დარჩიაშვილმა კვლავ არ უპასუხა.

„ქალბატონო სალომე, საქართველოსა და ევროკავშირის შორის ორმხრივი ურთიერთობები თქვენ ძალიან კარგად იცით. ამისთვის არსებობს სამართლებრივი საფუძველი, ასოცირების ხელშეკრულება, ასოცირების დღის წესრიგი, სადაც გაწერილია ის თანმიმდევრული პოლიტიკა, რეფორმები და გზა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. საქართველო მოქმედებს იმ სამართლებრივ სივრცეში, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა სალომე სამადაშვილის პასუხად.

დარჩიაშვილის მიერ ჩამოთვლილ არცერთ დოკუმენტში საუბარი არაა იმაზე, როგორ უნდა განსაზღვროს ქვეყანამ ქორწინება საკუთარ კანონმდებლობაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი