ახალი ამბები

“ვინ მოკლა მაშინ ჩემი შვილი?” – გორში გახმაურებულ საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

16 ივნისი, 2023 • 3743
“ვინ მოკლა მაშინ ჩემი შვილი?” – გორში გახმაურებულ საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

გორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი თარაშ კანდელაკი ნაწილობრივ გაამართლა.

თარაშ კანდელაკი ვეტერანი მოკრივისა და ამჟამად ბიზნესმენის, გიორგი კანდელაკის შვილია.

სასამართლომ გიორგი კანდელაკის შვილს, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 4-დან – 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, უფრო მსუბუქ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა.

126-ე მუხლი გულისხმობს ცემა/ძალადობას და კანდელაკს მოსამართლემ 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში 9 თვე პატიმრობაში უკვე გატარებული ჰქონდა, მას დამატებითი სასჯელი არ დაეკისრება.

პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავს.

უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 9 ივნისს,გორში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, შელაპარაკებისას, ხელის დარტყმით მოქალაქე ერეკლე თედლიაშვილს თავის არეში სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. თედლიაშვილი რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში დაიღუპა.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაღუპულის ოჯახიც. „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ერეკლე თედლიაშვილის მშობლები სვამენ კითხვას: თუ თარაშ კანდელაკი უდანაშაულოა, მაშინ ვინ მიაყენა მის შვილს სასიკვდილო დაზიანება?

„აქამდე კიდევ რაღაცას ვებღაუჭებოდით, იქნებ სამართალს ეზეიმა… როგორც უნდოდათ, ისე წაიყვანეს საქმე. სად წავიდა ის სისხლიანი პერანგები, რომელიც ეცვათ?! ათასი წვრილმანია, ყველაფერი მოსპეს იმ წუთას. სად არის ის კამერების ჩანაწერები, საერთო ექსპერტიზა არ გვაქვს. ვინ იყვნენ, რამდენი იყვნენ, ვინ სცემა?!“ — ამბობს დაღუპულის დედა.

ერეკლე თედლიაშვილის მამა კი აცხადებს — „მე ვერ გავიგე, ვინ მოკლა მაშინ ჩემი შვილი? ვინ დაარტყა, ვინ სცემა?! მე სასამართლოსგან ვერ გავიგე, რამ გამოიწვია ჩემი შვილის ასეთი ტრავმა, რომელიც მან მიიღო ამ ჩხუბში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი