ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანი ყარაბაღში ჰუმანიტარულ ტვირთსაც აღარ უშვებს”

16 ივნისი, 2023 • 1399
“აზერბაიჯანი ყარაბაღში ჰუმანიტარულ ტვირთსაც აღარ უშვებს”

აზერბაიჯანმა მთლიანად დაკეტა ლაჩინის კორიდორი მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გადასაზიდად. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

ბაქოს გუშინდელი, 15 ივნისის განცხადებით, ლაჩინის დერეფანში არსებული აზერბაიჯანული გამშვები პუნქტი დროებით აჩერებს მუშაობას. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ პუნქტი იქამდე არ გაიხსნება, სანამ 15 ივნისის ინციდენტის გამოძიება არ მოხდება, ან სომხეთი პროვოკაციაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს.

“ჩაგვბარდით” – ალიევი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტსა და დეპუტატებს ემუქრება

“აზერბაიჯანის მიერ უკანონო სასაზღვრო გამშვები პუნქტის დადგმამ, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამ მთიან-ყარაბაღში, რომელიც უკვე ექვს თვეზე მეტია გრძელდება, გაამწვავა მთიან-ყარაბაღში ჰუმანიტარული მდგომარეობა. თუკი წინა თვეში პროპაგანდის მიზნით აზერბაიჯანი საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტისა და რუსი სამშვიდობოების მეშვეობით რაღაც გამტარობას მაინც უზრუნველყოფდა, გუშინდელი დღის შემდეგ ესეც აღარ არსებობს. ძირითადი საკვები პროდუქტის შეტანაც შეწყდა”.

ფაშინიანის განცხადებითვე, აზერბაიჯანი, მსგავსი ქმედებებით, წარმოაჩენს მთიანი-ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის საკუთარ გეგმას.

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის ერთადერთი გზის – ლაჩინის კოროდორის ჩაკეტვიდან ნახევარი წლის შემდეგ გამშვები პუნქტი დადგა და აცხადებდა, რომ ყარაბაღელი სომხები მხოლოდ მათი კონტროლქვეშ შეძლებდნენ გადაადგილებას. თუმცა, ადგილობრივთა მონაყოლით, ისედაც არ არსებობდა რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლა სტეპანაკეტრიდან ერევანში და ლაჩინის კორიდორის კვეთა მხოლოდ წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მანქანებისთვის იყო შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი