ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის U21 ჩემპიონატზე არ ითამაშებს

15 ივნისი, 2023 • 2162
ხვიჩა კვარაცხელია ევროპის U21 ჩემპიონატზე არ ითამაშებს

იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია „ფეისბუკზე“ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, რომლის თანამასპინძელი საქართველოცაა, მონაწილეობას ვერ მიიღებს.

პირად გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ფეხბურთელი ამის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ რთული სეზონის შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებს სპორტული მიზეზების გამო ვერ შეუერთდება და აღნიშნავს, რომ ახლა სრულიად კონცენტრირებულია იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება:

„დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ.

სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება. ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს“ ,— აცხადებს კვარაცხელია.


უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს ბათუმი არენა უმასპინძლებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი