ახალი ამბებირეკლამა

მამის დღე საქართველოში წელს მერვედ აღინიშნება

14 ივნისი, 2023 •
მამის დღე საქართველოში წელს მერვედ აღინიშნება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, 18 ივნისს, მამის დღე საქართველოში წელს მერვედ აღინიშნება.

ამ დღის აღსანიშნავად და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 9 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით, მთელი თბილისის მასშტაბით ციფრულ ბანერებზე განთავსებულია მამის დღის მისალოცი სარეკლამო რგოლები.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/06/22222.jpg

„მამის დღის აღნიშვნის ინიცირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცების ჩართულობა შვილების გაზრდაში და, საზოგადოდ, მათ მიერ ზრუნვის და საოჯახო საქმის ტვირთის თანაბარი განაწილება ქალებთან ერთად. როცა გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იდეა, პირველ რიგში, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად უნდა ვაქციოთ, რადგან სწორედ ასეა შესაძლებელი უფრო ჰარმონიული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა.“ – ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას შვილებზე ზრუნვის და მათი აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ინიციატივას არაერთი კომპანია უერთდება მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მამის დღის აღნიშვნას კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/06/33333.jpg

თანასწორი მშობლობის და შვილებზე ზრუნვაში მამების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:

მამების სკოლა – პროექტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომლებიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. მამების სკოლის პროგრამა ეხმარება კაცებს, რათა მეტი გაიგონ როგორც გენდერული თანასწორობის, ასევე იმ სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.

მამების თასი – საფეხბურთო ჩემპიონატი მამებისა და შვილებისათვის, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივთან“ თანამშრომლობით, უკვე ხუთჯერ ჩატარდა და მამების გარდა, ცხოვრების აქტიური წესის წახალისებაზეც ზრუნავს.

„კაცური საუბრები“ – ინიციატივა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. კაცური საუბრები მოიაზრებს შეხვედრა-სემინარებს, სადაც კაცები შვილების აღზრდასა და მოვლაში თანაბარი ჩართულობის, ოჯახის წევრებზე ზრუნვის, ძალადობის ელემენტების ამოცნობისა და მათი გამოაშკარავების შესახებ იღებენ ინფორმაციას და აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. „მამაკაცური საუბრები“ თბილისში, კახეთში, სამეგრელოში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ჩატარდა.

მამების ჯგუფი – საგანგებოდ მამებისთვის შექმნილი დახურული სივრცე Facebook-ზე, რომელიც 2020 წლის აპრილში გაჩნდა და სადაც უკვე 10 000-ზე მეტი კაცია გაერთიანებული. ჯგუფის მეშვეობით მამები ერთმანეთს სასარგებლო რჩევებს უზიარებენ, ცვლიან საინტერესო ინფორმაციას, სვამენ კითხვებს და იღებენ პასუხებს შვილების აღზრდასა თუ საოჯახო საქმეებზე.

2019 წელს ჩატარებული კვლევის „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ (UNFPA-სა და UNDP-ის მხარდაჭერით) თანახმად, ბავშვებზე ყოველდღიური ზრუნვა ჯერ კიდევ რჩება მეტწილად მხოლოდ დედების ძირითად მოვალეობად; თუმცა გარკვეული აქტივობები ორივე მშობელს თანაბრად აქვს განაწილებული; მაგალითად, ბავშვის ექიმთან წაყვანა, მასთან თამაში, საუბარი მის პირად პრობლემებზე, სკოლაში ტარება.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ, შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას,და ამ გზით – ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა კაცს, რომელიც მის იდეას იზიარებს.


მთავარი ფოტო: თათია ნადარეიშვილის ილუსტრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი