ახალი ამბები

„ბლუმბერგი“: რუსულ ელიტებს აღარ სჯერათ, რომ პუტინი ომს მოიგებს

8 ივნისი, 2023 • 1198
„ბლუმბერგი“: რუსულ ელიტებს აღარ სჯერათ, რომ პუტინი ომს მოიგებს

რუსული ელიტის წარმომადგენლები, მათ შორის ისინიც, ვინც უკრაინაში შეჭრას მხარს უჭერენ, ფიქრობენ, რომ პუტინს ომში გამარჯვება არ შეუძლია და მოსკოვისთვის საუკეთესო შედეგი კონფლიქტის გაყინვა იქნებოდა – იტყობინება „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, მთელი რუსული ელიტა მოიცვა პესიმისტურმა განწყობამ ომის პერსპექტივებთან დაკავშირებით. „პოლიტიკური და ბიზნეს-ელიტის ბევრი წარმომადგენელი ომით დაიღალა და სურს, რომ ის შეჩერდეს, თუმცა ეჭვი ეპარებათ, რომ პუტინი საბრძოლო მოქმედებებს შეაჩერებს. მართალია, ომის გამო მის წინააღმდეგ გამოსვლა არავის სურს, მაგრამ აბსოლუტური რწმენა მის ლიდერობაში შეირყა“, – წერს „ბლუმბერგი“.

საუკეთესო ვარიანტად მოსკოვისთვის „ბლუმბერგის“ რესპონდენტები მიიჩნევენ წლის ბოლოს კონფლიქტის გაყინვასა და დაკავებული უკრაინის  ტერიტორიის შენარჩუნებას.

„ელიტები ჩიხში არიან: ეშინიათ, უაზრო ომისთვის განტევების ვაცად არ იქცნენ. მართლაც გასაკვირია, რაოდენ გავრცელებული გახდა რუსულ ელიტაში იდეა, რომ შეიძლება, პუტინმა ეს ომი ვერ მოიგოს“, – ამბობს კირილ როგოვი, რუსეთის მთავრობის ყოფილი მრჩეველი.

გარდა ამისა, პუტინის, როგორც რუსეთის უსაფრთხოების გარანტის, პოზიციებს ასუსტებს მოსკოვში დრონების დარტყმები და საბრძოლო მოქმედებები ბელგოროდის ოლქში.

პრობლემა ისიცაა, რომ ომი დიდხანს გრძელდება – მოსკოვის თავდაპირველი გეგმა კი გულისხმობდა უკრაინის დაპყრობას მოკლე პერიოდში. ასევე, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში რწმენას ძირს უთხრის ევგენი პრიგოჟინისა და სერგეი შოიგუს კონფლიქტი.

პესიმისტური განწყობების მიუხედავად, ელიტების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენენ, ხოლო ომის გაგრძელების გამო ფიქრობენ, რომ ელოდებათ საერთაშორისო იზოლაციის წლები და ხელისუფლებაზე კიდევ უფრო დიდი დამოკიდებულება.

„ჩინოვნიკები სიტუაციას შეეჩვივნენ, მაგრამ გვირაბის ბოლოს შუქს ვერავინ ხედავენ, მომავალს პესიმისტურად უყურებენ. საუკეთესო, რისი იმედიც აქვთ, ისაა, რომ რუსეთი დამცირების გარეშე წააგებს“, – ამბობს რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი მრჩეველი ალექსანდრა პროკოპენკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი