ახალი ამბები

„რუსეთიდან ზარის გარეშე, ესკორტი ვერ გადალახავდა საქართველოს საზღვარს“ — ახმედ ზაკაევი

6 ივნისი, 2023 • 2801
„რუსეთიდან ზარის გარეშე, ესკორტი ვერ გადალახავდა საქართველოს საზღვარს“ — ახმედ ზაკაევი

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახმედ ზაკაევი ტელეკომპანია „პირველთან“ აცხადებს, რომ დღესდღეობით ჩეჩნეთში ოპოზიცია არ არსებობს, ადამიანები კი, რომლებიც კადიროვის რეჟიმს არ ეთანხმებიან — უბრალოდ ქრებიან.

შესაბამისად, ზაკაევი აცხადებს, რომ საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში მყოფი ეროვნებით ჩეჩენი პირები არა რამზან კადიროვის ოპოზიციაში მყოფი ბიზნესმენები, არამედ მისი გარემოცვის წევრები არიან:

„ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი არავითარი კადიროვის ოპოზიცია არ არის. დღეს ჩეჩნეთში არანაირი ოპოზიცია არ არსებობს. ადამიანები, რომლებიც აკეთებენ განცხადებებს და არ ეთანხმებიან კადიროვის რეჟიმს, ცოცხლები ვერ რჩებიან, ისინი უბრალოდ ქრებიან. ეს ადამიანები ფიცს დებენ კადიროვის ერთგულებაზე. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, ჩეჩნეთში არ არსებობს დღეს არანაირი ოპოზიცია და ადამიანები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, კადიროვის წარმომადგენლები არიან“, — აცხადებს დევნილობაში მყოფი ჩეჩენი პოლიტიკოსი.

„რეაქციისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზაკაევი აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირები საქართველოშო წინასწარი ნებართვის გარეშე ვერ მოხვდებოდნენ და აღნიშნავს, რომ ასეთი „ნებართვები“ უმაღლესი რანგის პირების დონეზე გაიცემა:

„საქმე ის არის, რომ სამწუხაროდ, კადიროვი და მისი გარემოცვა საოკუპაციო ჯგუფის წარმომადგენლები არიან. რუსეთმა მოახდინა ჩეჩნეთის ოკუპაცია. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშაა. მე დარწმუნებული ვარ, ეს ოთხ-მანქანიანი ესკორტი ვერ გადალახავდა საქართველოს საზღვარს, რომ არ ყოფილიყო შესაბამისი მითითება ან ზარი რუსეთის ხელისუფლებიდან.

ასე უცებ ვერ მოხვდებოდა ეს ესკორტი საქართველოში, რომ არ ყოფილიყო წინასწარ ნებართვა. ნებართვები კი გაიცემა უმაღლესი რანგის პირების დონეზე. ახლა არის ეს ერთგვარი ტესტი, მაჩვენებელი, თუ რა სახის თანამშრომლობა მიმდინარეობს. ამ ადამიანებს უფროსი ჰყავთ ერთი, ეს კადიროვია“, — ამბობს ახმედ ზაკაევი.

სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ფოტო-ვიდეომასალა, რომელიც სავარაუდოდ, თბილისში და ბათუმშია გადაღებული. მასზე ჩანს „მერსედესის“ მანქანები, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით.

ყველა სანომრე ნიშანში ფიგურირებს რიცხვთა წყობა –  777. მაგალითად, მათ შორის, A777AC და C777CE.  რუსული სანომრე ნიშნები, სავარაუდოდ, უკავშირდება ჩეჩნეთის ერთ-ერთ გავლენიან ბიზნესმენს – ასლანბეკ ახმეტხანოვს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის ითვლებოდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ახლო სოციალური წრის წევრად.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დიტო სამხარაძე აცხადებდა, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ “გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი მეგობრებთან ერთად. სამხარაძე „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში მიანიშნებდა, რომ არა ე.წ. კადიროველები, არამედ პირიქით, რამზან კადიროვთან დაპირისპირებული ადამიანები იყვნენ საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში.

კადიროვთან დაახლოებული პირები საქართველოში? – რა ვიცით ამ დრომდე

მასალების გადაბეჭდვის წესი