ახალი ამბები

ღარიბაშვილი „პროვოკაციულს“ უწოდებს კითხვას მის გერმანიაში „დაბარებასთან“ დაკავშირებით

6 ივნისი, 2023 • 971
ღარიბაშვილი „პროვოკაციულს“ უწოდებს კითხვას მის გერმანიაში „დაბარებასთან“ დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიაში ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის მიწვევით გეგმავს ვიზიტს. მან არ უპასუხა შეკითხვას, “დაიბარა” თუ არა შოლცმა ბრატისლავის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ. ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 6 ივნისს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, შოლცთან შეხვედრისას საუბარს გეგმავს საქართველოს უსაფრთხოების საკითხებსა და ევროინტეგრაციაზე, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენის შესახებ:

„ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ. ასევე, ომის გავლენებზე, რომელიც ყველას გვეხება და, ბუნებრივია, [ეხება] საქართველოს, რომელიც პირველი მსხვერპლი იყო, რომელმაც 2008 წელს გამოიარა ეს უბედურება, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს.

მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან. მე მასთან მქონდა არაერთი საუბარი. შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით მისი მიწვევით და მე მინდა მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, რადგან ის ყოველთვის ხმამაღლა და ღიად აფიქსირებს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. გერმანიის კანცლერი პრაქტიკულად ყველა გამოსვლაში ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

“მთავარი არხის” ჟურნალისტის შეკითხვაზე, “დაიბარა” თუ არა ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერმა და უკავშირდება თუ არა ეს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ღარიბაშვილმა უპასუხა:

“მე არ მინდა ამაზე გიპასუხოთ, თვალყურს ვადევნებდი თქვენს ამ პროვოკაციულ ქმედებებს ბოლო ორი დღეა, რამდენად არასახელმწიფოებრივია თქვენი განცხადება, ანტიეროვნული, მაგრამ მესმის, რომ თქვენი დავალებაა ეს და დავალება მოგცეს, რომ ეს კითხვა დაგესვათ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვუთხრა თქვენს დამკვეთებს: ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეთ გარდა იმისა, რომ თურმე თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები”.

რაც შეეხება ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს, ღარიბაშვილმა 30 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქში ფორუმზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზად დაასახელა უკრაინის სურვილი, გაწევრიანებულიყო ნატოში; ასევე თქვა, რომ საქართველოს აქვს 600 კმ-იანი პირდაპირი საზღვარი რუსეთთან, მაშინ როდესაც ოფიციალური საზღვარი (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით) დაახლოებით 898 კილომეტრია. ღარიბაშვილის თქმით, ის კონტროლირებად საზღვარს გულისხმობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი