ახალი ამბები

„არ მესმის, რატომ ავრცელებს რუსულ ნარატივს“ – როტი ღარიბაშვილზე

5 ივნისი, 2023 • 1991
„არ მესმის, რატომ ავრცელებს რუსულ ნარატივს“ – როტი ღარიბაშვილზე

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიჰაელ როტს არ ესმის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რატომ „იმეორებს მოსკოვის ნარატივს“ ნატოს მიერ რუსეთის პროვოცირებაზე.

როგორც როტმა აღნიშნა, ბოლო თვეები „არ ყოფილა მარტივი ისეთი ხალხისთვის, ვისაც სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. [ქართველი] პოლიტიკოსების ზოგი განცხადება და ქმედება გამაღიზიანებელი იყო“.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ თბილისში ორგანიზებულ შეხვედრაზე როტმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელშიც მთავრობის თავმჯდომარემ უკრაინაში რუსეთის შეჭრის „ერთ-ერთ მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა.

„არ მესმის, თუ რატომ ავრცელებს რუსულ ნარატივს პოლიტიკოსი, რომელსაც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის სჯერა. გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ ამ ნარატივებს. რუსული იმპერიალიზმი და კოლონიალიზმია მიზეზი, რომლის გამოც პუტინი და რუსული ჯარი უკრაინას დაესხა თავს, რომლის გამოც რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული. დასავლეთს და ნატოს რუსეთის პროვოცირება არ მოუხდენიათ.

ეს იყო თავისუფალი და სუვერენული ქვეყნების, იგივე უკრაინისა და საქართველოს ნება, განაცხადი შეეტანათ ნატოს წევრობაზე. ეს არ იყო ბრიუსელის, ბერლინის ან ვაშინგტონის ტექნოკრატების სტრატეგია – დაერწმუნებინათ თქვენი ქვეყნის საზოგადოებები, რომ ჩვენს რიგებში გაწევრიანებულიყავით“, – აღნიშნა როტმა.

მან აგრეთვე გააკრიტიკა ჰომოფობიური ნარატივი მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებში:

„შევხვდი ზოგიერთ პოლიტიკოსს და მითხრეს, რომ ჩვენი, ანუ ქართული კულტურა, ცოტათი კრიტიკულადაა განწყობილი ლგბტქი+ უფლებების მიმართ. ვპასუხობ – პატივს ვცემ თქვენს ტრადიციებსა და კულტურას, მაგრამ პატივს არ ვცემ ჰომოფობიურ განცხადებებს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. პოლიტიკოსებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ“.

როტმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზეც ისაუბრა. მან საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარდაჭერა აღუთქვა, თუმცა დაამატა, რომ ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტი, და ხაზი გაუსვა, რომ ევროინტეგრაცია არის „დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი