ახალი ამბები

„ვაგნერელებსა” და რუსეთის თავდაცვის ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

5 ივნისი, 2023 • 1183
„ვაგნერელებსა” და რუსეთის თავდაცვის ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურის განცხადებით, 17 მაისს შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა „ვაგნერელებსა“  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ძალებს შორის. ოფიციალური მოსკოვი ამ თემაზე განცხადებას ჯერ არ აკეთებს.

პრიგოჟინის განცხადებით, 17 მაისს „ვაგნერის“ ინჟინრულ-განმნაღმველი ჯგუფი, გზების განნაღმვისას, სემიგორიას რაიონში თავდაცვის სამინისტროს ცეცხლის ქვეშ მოყვა, შემდეგ კი „აგრესიის გასანეიტრალებლად მიიღეს საპასუხო ზომები“ და დააკავეს რუსი სამხედროების ჯგუფი თავისი მეთაურით, ვიცე-პოლკოვნიკით, „რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ“.

„ვაგნერელებმა“ აგრეთვე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც მამაკაცი თავს ვიცე-პოლკოვნიკ რომან ვენევიტინად წარადგენს და აღიარებს, რომ მართლაც გაუხსნა ცეცხლი „ვაგნერელებს“, თანაც „პირადი მტრობის“ გამო. ამავე ვიდეოში იგი ამბობს, რომ ნასვამი იყო.

ტელეგრამ-არხი „სირენა“ წერს, რომ სამხედროების შესახებ მონაცემთა ბაზაში იპოვა 45 წლის რომან ვენევიტინი, რომელსაც 2013 წელს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარების გამო მართვის მოწმობა ჩამოართვეს.

მართალია, პრიგოჟინი და თავდაცვის სამინისტრო საკმაო ხანია მწვავე კონფლიქტში არიან, თუმცა შეიარაღებულ დაპირისპირებას ჯერ ადგილი არ ჰქონია მათ ძალებს შორი, ან, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არ იყო ცნობილი.

პრიგოჟინისა და თავდაცვის სამინისტროს კონფლიქტზე გირჩევთ: რატომ დაუპირისპირდა პრიგოჟინი შოიგუს

მასალების გადაბეჭდვის წესი