ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილზე საპროტესტო ბანერებით მოქალაქეები პარლამენტთან იკრიბებიან

3 ივნისი, 2023 • 1505
ირაკლი ღარიბაშვილზე საპროტესტო ბანერებით მოქალაქეები პარლამენტთან იკრიბებიან

ირაკლი ღარიბაშვილზე საპროტესტო ბანერებით მოქალაქები პარლამენტთან იკრიბებიან.

არაერთ მათგანს ხელში უჭირავს იმ შინაარსის პლაკატები, რომელთა გამოც 2 ივნისის ღამეს პოლიცია ძალადოვრივად აკავებდა მშვიდობიანი ანტისამთავრობო შეკრების მონაწილეებს. პოლიცია ახლაც ადგილზეა.

საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინ გვიან ღამით დაიგეგმა მას შემდეგ, რაც პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტები, მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკავა.

2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.

ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთს“ 2 ივნისის აქციაზე 7 მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავება დაუდასტურა. ყველა მათგანი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი