ახალი ამბები

„განსხვავებული აზრის მიმართ არატოლერანტულობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ღირებულებებთან,“ – აშშ-ის საელჩო

3 ივნისი, 2023 • 927
„განსხვავებული აზრის მიმართ არატოლერანტულობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ღირებულებებთან,“ – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს.

აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა კი აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს:

„აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს“ – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.

ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი