ახალი ამბები

ხაბეიშვილი: სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ კობახიძეს და ღარიბაშვილს

3 ივნისი, 2023 • 1020
ხაბეიშვილი: სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ კობახიძეს და ღარიბაშვილს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია და ის თავისუფალი უნდა იყოს, სამაჯური და ალიკაპი კი „კობახიძესა და ღარიბაშვილს გაუკეთონ“:

„საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია – თურმე, რაღაც სამაჯური უნდა ჰქონდეს, სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ კობახიძეს და ღარიბაშვილს. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი კი არ აქვს რამე, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი – ეს არის ჩემი დამოკიდებულება. არ ვეთანხმები იმას, რომ თურმე, ვიღაცას რაღაცა სამაჯური უნდა ეკეთოს და ა.შ.

პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამაჯურით არ იაროს. უპირობო თავისუფლება მიეცეს პრეზიდენტ სააკაშვილს და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მას შეუძლია იყოს მთავარი ლობისტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ფრანგულ France 24-თან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილს ისე უნდა მოეპყრონ, როგორც სხვა ბევრ გასამართლებულ პრეზიდენტს მსოფლიოს გარშემო. ამ კონტექსტში მან სასჯელის მოხდის ალტერნატიული ფორმები ახსენა:

„მე ვფიქრობ, რომ მას [სააკაშვილს] უნდა მოეპყრონ ისე, როგორც ბევრ სხვა მსჯავრდადებულ პრეზიდენტს მსოფლიოს გარშემო.

არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმას, რასაც მოელიან იმ ქვეყნისაგან, რომელიც ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი