ახალი ამბები

არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები — ზურაბიშვილი სააკაშვილის სასჯელზე

2 ივნისი, 2023 • 2803
არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები — ზურაბიშვილი სააკაშვილის სასჯელზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალება არ არის ის საკითხი, რომელიც საქართველოს იმიჯისათვის მიყენებულ ზიანს შეცვლის.

ამ საკითხზე მან ფრანგულ France 24-თან ისაუბრა და დასძინა, რომ სააკაშვილს ისე უნდა მოეპყრონ, როგორც  სხვა ბევრ გასამართლებულ პრეზიდენტს მსოფლიოს გარშემო. ამ კონტექსტში მან სასჯელის მოხდის ალტერნატიული ფორმები ახსენა.

მანამდე ზურაბიშვილს წამყვანმა უთხრა, რომ დასავლეთში ბევრ ადამიანს აინტერესებს, აპირებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის შეწყალებას, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

“ისინი ხაზს უსვამენ ზიანს, რომელსაც მთელი ეს ვითარება აყენებს საქართველოს იმიჯს დასავლეთში”, — აღნიშნა წამყვანმა, რასაც ზურაბიშვილმა უპასუხა:

“ჰო, მე ვიცი ეს, მაწუხებს ეს და ბევრ რამეს ვაკეთებ ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად. მაგრამ ზიანი, რომელიც დადგა, ის დადგა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და შეწყალება-არშეწყალება ნამდვილად არ არის [ის საკითხი], რომელიც ამ ზიანს შეცვლის.

მე ვფიქრობ, რომ მას [სააკაშვილს] უნდა მოეპყრონ ისე, როგორც ბევრ სხვა მსჯავრდადებულ პრეზიდენტს მსოფლიოს გარშემო.

არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმას, რასაც მოელიან იმ ქვეყნისაგან, რომელიც ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს”.

ფრანგული მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხი შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი გარემოებებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი